მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული „სადილი“ ექსპორტზე აზერბაიჯანში გავა - „ჯეონატურალსის“ გეგმები

63aab22b6a0be
ვიქტორია მღებრიშვილი
28.12.22 10:10
1261
დედოფლისწყაროში წარმოებული დაკონსერვებული „სადილი“ 2023 წლიდან ექსპორტზე აზერბაიჯანში გავა, - ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის მარკეტინგის კონსულტანტმა ამიკო კალანდიამ ისაუბრა. 

მისი თქმით, გასულ წელს კომპანიამ „სადილის“ წარმადობა 20%-ით 500 000 ქილამდე გაზარდა, რაც მწარმოებელს როგორც ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების, ასევე მზა პროდუქტის ექსპორტზე გატანის შესაძლებლობას მისცა.

„მაისში აზერბაიჯანში გამართულ გამოფენა Agrofood-ზე მივიღეთ მონაწილეობა, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით წავედით. იქ მოქმედი მსხვილი საცალო ქსელების წარმომადგენლები გავიცანით. პირველი პარტიები 100 000 ქილის მოცულობით აზერბაიჯანში იანვარში გაიგზავნება, ხოლო 2023 წლის ბოლოსთვის კონკრეტულად აზერბაიჯანის მიმართულებით ჯამში 200 000-მდე ქილის რეალიზება გვინდა“, - აღნიშნა ამირან კალანდიამ და დასძინა, რომ მეზობელ ქვეყანაში 5 დასახელების პროდუქტი გავა - მოშუშული ხორცი სხვადასხვა შეფუთვებით და ოსტრი.

გარდა ამისა, წელს ქართული „სადილით“ უკრაინის ჯარის მომარაგებაც მოხდა. მოკლევადიანი პარტნიორობა ნაწილობრივ საქველმოქმედო იყო.

„უკრაინაში რამდენიმეჯერ გავაგზავნეთ პარტიები. ეს ნაწილობრივ საქველმოქმედო, ნაწილობრივ კომერციული ექსპორტი იყო, რამეთუ ვიაზრებთ იქ არსებულ ვითარებას და შეთავაზება გარკვეული სავაჭრო შეღავათებით გავაკეთეთ“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება გეგმებს, „ჯეონატურალსი“ 2023 წლიდან წარმოებაში ექსპორტის წილის 50%-მდე გაზრდას გეგმავს და დიდ იმედებს დუბაიში, თებერვალში დაგეგმილ გამოფენაზე ამყარებს.

„მომავალ წელს თებერვალში დუბაიში დაგეგმილია გამოფენა Gulf food, რომლის მხარდამჭერი „აწარმოე საქართველოშია“. ჩვენი წარმოება სააგენტოს ბენეფიციართა სიაში მოხვდა, რომლებიც გამოფენაზე იქნებიან წარდგენილი. ვიმედოვნებთ, გამოფენის შემდეგ ჩვენი საექსპორტო ბაზრები კიდევ უფრო გაფართოვდება, რადგან ვგეგმავთ, რომ ექსპორტმა ჩვენი წარმოების ნახევარი დაიკავოს. ჩვენი სამიზნე ბაზრები კი გალფის ქვეყნებია“, - უთხრა BM.GE-ს ამიკო კალანდიამ.

აღსანიშნია, რომ 2022 წელს „ჯეონატურალსმა“ 414 000 ქილა დაკონსერვებული „სადილი“ აწარმოა, თუმცა კომპანიის 2023 წლის გეგმებში წარმადობის გაოთხმაგება შედის, რაც ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტის რეალიზების ზრდასთან ერთად, ექსპორტის გააქტიურებასაც მოიცავს. 

ცნობისთვის: 2016 წლიდან დღემდე „ჯეონატურალსმა“ დედოფლისწყაროში საწარმოს ამოქმედებასა და განვითარებაში ჯამში 5 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო. აღსანიშნია, რომ „სადილის“ პროდუქტებით ქართული ჯარიც მარაგდება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები