მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართველი მწარმოებლები ქსელურ მარკეტებში, ფაქტობრივად, დაბლოკილები ვართ" - "ჩაი აკეთი"

ჩაი აკეთი

"ქართველი მწარმოებლები ადგილობრივ ქსელურ მარკეტებში, ფაქტობრივად, დაბლოკილები ვართ", - ამის შესახებ ჩაის მწარმოებელი კომპანიის "ჩაი აკეთის" დამფუძნებელი სერგო გაგუა BMG-სთან საუბრისას აცხადებს. 

მისი თქმით, ადგილობრივ, მცირე ბიზნესებს მსხვილი, იმპორტიორი კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევა უჭირთ, რადგან ქსელურ მარკეტებში განთავსების საკმაოდ მაღალი გადასახადებია, რასაც მეწარმეები ვერ უმკლავდებიან. 

"მწარმოებლების 99% ქსელურ მარკეტებში ვერ შედის, ეს ძალიან რთული პროცესია, რადგან თუ ამ ქსელებში ვერ შევედით, ქართული ჩაის რეალიზაცია გაჭირდება. 

საქმე ისაა, რომ მარკეტებში ძირითადად იმპორტირებული ჩაია წარმოდგენილი, რომლის ხარისხიც და ფასიც საკმაოდ დაბალია, ქართული ჩაი კი ძალიან მაღალი ხარისხისაა და თვითღირებულებაც მაღალი აქვს, ამიტომ მას დაბალ ფასად ვერ გავყიდით. ამას განთავსების და რეკლამის საფასურიც ემატება, რომელიც ძალიან მაღალია და ჩვენნაირი დამწყები კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი არაა", - აცხადებს სერგო გაგუა.

მისივე ცნობით, საქართველოში ჩაის კულტურის აღმავლობა სულ ახლახან, 2016 წლიდან დაიწყო, როცა სახელმწიფომ "ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა" დანერგა, რომელიც პლანტატორებისთვის ტექნიკის შესაძენად ფინანსურ ხელშეწყობას გულისხმობს, სწორედ ამის შემდეგ შეიქმნა ჩაის გადამმუშავებელი ქარხნები, შესაბამისად, ქართული ადგილობრივი კომპანიების ძირითადი ნაწილი დამწყებია. 

სერგო გაგუა დასძენს იმასაც, რომ სახელმწიფოს მხრიდან, მხოლოდ "ჩაის რეაბილიტაციის პროგრამის" ფარგლებში არსებული ხელშეწყობა ამ კულტურის გასავითარებლად საკმარისი არაა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქართული ჩაის პოპულარიზაციაში უფრო მეტი რესურსი და ფული უნდა ჩადოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები