2019 წლამდე Georgian Airways ელექტრონულ ტრანზაქციებს „სბერბანკის“ საშუალებით ახორციელებდა. ამის შესახებ „საქმიან დილაში“ „ავიაკომუნიკატორის“ დამფუძნებელმა თამარ თანდაშვილმა განაცხადა.
„წლების განმავლობაში Georgian Airways „სბერბანკთან“ თანამშრომლობით ახორციელებდა ელექტრონულ ტრანზაქციებს. მხოლოდ 2019 წლიდან ჩაუშვა „საქართველოს ბანკი“, როგორც მომსახურე ბანკი. ძალიან ბევრი მომხმარებელი გამოთქვამდა პრეტენზიას ამ ფაქტის გამო, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ბანკების შეთავაზება არ იყო მომგებიანი ქართული ავიაკომპანიისთვის; მხოლოდ „საქართველოს ბანკმა“ შეძლო ისეთი პირობები შეეთავაზებინა Georgian Airways-თვის, რომ „სბერბანკისთვის“ კონკურენცია გაეწია“, - განაცხადა თამარ თანდაშვილმა.
მისივე თქმით, ვერცერთი მესამე მხარე ვერ გადაწყვეტს სად უნდა გატარდეს კერძო ავიაკომპანიის ტრანზაქციები. თუ კომპანია გადაწყვეტს ჩართოს რუსული პროდუქტი „მირი“, საკუთარი ავაბილეთების რეალიზაციაში, ამაზე გავლენას ვერავინ მოახდენს.
„შეიძლება ღირსების საკითხი იყოს, მაგრამ კომერციული თვალსაზრისით, სხვანაირად ვერ ხდება. გრძელვადიან პერიოდში ეს რა შედეგს მოუტანს ავიაკომპანიას, არავინ იცის, თუმცა მოკლე ვადაში ფინანსურ პრობლემებს დაუფარავს, მითუმეტეს ამჟამად მოთხოვნა დიდია“, - აღნიშნა „ავიაკომუნიკატორის“ დამფუძნებელმა.
თანდაშვილის განცხადებითვე, სტრატეგიულ ბიზნესში საჯარო სექტორიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული. ავიაცია სწორედ სტრატეგიული ბიზნესია, სადაც ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება მნიშვნელოვანია, რათა საავიაციო სფეროში პოლიტიკის განსაზღვრა სხვადასხვა კუთხით არ მიდიოდეს.
ცნობისთვის: 7 მარტს “ჯორჯიან ეარვეისის” საიტზე გადახდის სისტემაში მასტერქარდისა და ვიზას გვერდით რუსული “Мир”-იც გაჩნდა. 11 მარტს კი Georgian Airways-ის ვებგვერდზე МИР-ით გადახდის ფუნქცია გაუქმდა და ავიაკომპანიამ თემაზე განმარტებაც გააკეთა.