მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აღსრულების კანონის მიზანი უნდა იყოს, სამართლის სწრაფად აღდგენა და არა უბრალოდ - აღდგენა"

60702670881d1
ინგა მურუსიძე
09.04.21 15:00
772
აღსრულების კანონის მთავარი მიზანი უნდა იყოს, სამართლის სწრაფად აღდგენა და არა უბრალოდ აღდგენა, როცა იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ამ განცხადებით მან უპასუხა მისივე კოლეგა ბეჟან წაქაძეს, რომელიც ირწმუნება, რომ ქვეყანაში გამოსახლების საკითხზე 2015 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც საპოლიციო გამოსახლება გაუქმდა, არ მუშაობს.

„რამდენიმე წლის წინ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. არსებობდა ე.წ. საპოლიციო გამოსახლება, როცა მესაკუთრე მიმართავდა პოლიციას და მართლმსაჯულების გზის გავლა ამას არ ესაჭიროებოდა. ახლა კი ამისთვის საჭიროა, სასამართლოს ეტაპის გავლა, რაც საკმაოდ რთულია. გამოსახლების საქმეები ერთ-ერთი ყველაზე რთული და სენსიტიური საქმეებია გასაგები მიზეზების გამო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა მიმართულებით გაუმჯობესება იქნება „აღსრულების შესახებ კანონში“, იმედი მაქვს, რომ რეალურად შეიძლება აღსრულებადი გახდეს უფრო სწრაფად, უფრო მოქნილად, უფრო ნაკლებად მტკივნეულად, თუნდაც მოვალისთვის მოლაპარაკების გზით, რომ ალტერნატიული გზა გამოინახოს და ა.შ. თუნდაც კერძო აღმასრულებელზე საქმეების გადაცემა რეალურად ხელშემწყობი აღმოჩნდება, პროცესების სწორად წარმართვისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება ბეჟან წაქაძის განცხადებას, რომ ხშირად ხდება ამა თუ იმ ფართში არაკეთილსინდისიერად შეჭრა, მესაკუთრე კი შეჭრილი პირების გამოყვანას სასამართლოს გარეშე ვერ ახერხებს, მიხეილ სარჯველაძე ადასტურებს, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირია. 

"ნამდვილად ხშირია შემთხვევები, არაკეთილსინდისიერად უფლებით სარგებლობისა. არაფერი შეიძლება ისე აზიანებდეს ეკონომიკას, ვიდრე ეს არის არასტაბილური აღსრულების სისტემა. თითოეული გაფუჭებული სესხი საბანკო სექტორში რეალურად განაპირობებს პროცენტის სიდიდეს საბანკო პროდუქტებზე, ეს რეალურად აისახება. ეს ბუნებრივი პროცესია, ამიტომ ის, რაც სამართლიანია რომ აღსრულდეს, ამის გაჯანჯლება და გაჭიანურება უსაგნოდ და უაზროდ, პირდაპირპროპორციულად მოქმედებს ზოგადად, ეკონომიკაზე“, - აღნიშნა მან.

დეპუტატის თქმით, აღსრულების კანონის მთავარი მიზანი უნდა იყოს სამართლის სწრაფად აღდგენა და არა უბრალოდ აღდგენა, როცა იქნება.

„ხშირ შემთხვევაში ვადა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკულად გადაწყვეტილების შინაარსსაც კი შეიძლება მნიშვნელოვნად განაპირობებდეს. აზრი შეიძლება ეკარგებოდეს კარგ გადაწყვეტილებასაც კი, თუ ის დროულად ვერ აღსრულდა. მე თვითონ მინახავს არაერთი შემთხვევა, როცა კრედიტორისთვის სწრაფად აღსრულებას მეტი მნიშვნელობა ჰქონდა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები