მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ასეთმა კანონმა შეიძლება ძირი გამოუთხაროს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს" - ნედ პრაისი „უცხოური გავლენის აგენტების" კანონზე

63fd936351385
თამთა ჯიჯავაძე
28.02.23 09:38
705
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა 27 თებერვლის პრესკონფერენციის დროს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ვაშინგტონი შეშფოთებულია აღნიშნულის გამო.

„ჩვენ ვიცით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის შესახებ. ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე მის შესაძლო გავლენასთან დაკავშირებით. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან წუხილს გამოვხატავთ განუწყვეტლივ. შემოთავაზებული კანონი საქართველოს იმ მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას გააჩუმებს და სტიგმატიზაციას გამოიწვევს, რომლებიც თავიანთი საზოგადოების უკეთეს მომავალს აშენებენ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთმა კანონმა შეიძლება პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რის სურვილსაც საქართველოს მოსახლეობა ნათლად გამოხატავს ბოლო ათწლეულებია“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმაც განაცხადა, რომ საქართველომ მრავალი წელი დახარჯა სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე, ხოლო ამ კანონის მიღებით ამ მიღწეულ შედეგებს ძირი შეიძლება გამოეთხაროს.

“როდესაც შეხედავთ, თუ რა ხდება ამჟამად რუსეთში, დაინახავთ, რომ ეს კანონი იყო ძალიან ეფექტური სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებისთვის,”- განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. 

"ეს კანონპროექტი ცალსახად რუსული კანონის ხაზს მიჰყვება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებისთვის, განსხვავებული ხმების ჩახშობისკენ არის მიმართული. როდესაც შეხედავთ თუ რა ხდება ამჟამად რუსეთში, დაინახავთ, რომ ეს კანონი იყო ძალიან ეფექტური სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებისთვის“, - დასძინა ელჩმა.

საქართველოს პარლამენტში, „ქართული ოცნების“ პარტნიორმა პარტიამ “ხალხის ძალამ” უცხოური გავლენის აგენტების კიდევ ერთი კანონპროექტი გუშინ დაარეგისტრირა, რომელიც პირველი ვერსიისგან განსხვავებით უფრო ფართო რეგულირებას აწესებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები