ახალ წელს ყველაზე მეტად გაყიდვადი ორიგინალი ბარბის თოჯინები, ჰოთვილსის მანქანები და ნერფის თოფები იყო, - ამის შესახებ მაღაზია „ვიშლისტის“ მარკეტინგის სპეციალისტმა, ელენე ცხადაძემ BMG-სთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გარდა ზემოჩამოთვლილისა, წელს ასევე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იყო ბარბის სახლებზე.
„თითქმის სრულ კოლექციაზე ძალიან კარგი ფასდაკლებები გვქონდა, რამაც ხელი ჩვენი გაყიდვების მაღალ მაჩვენებელს შეუწყო“, - თქვა ელენე ცხადაძემ.
მაღაზიათა ნაწილი აქცენტს განმავითარებელ სათამაშოებზე აკეთებს და აღნიშნავს, რომ პანდემიის შემდგომ, ბავშვებს სოციალიზაციაში განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდებათ. ამიტომაც „ბურატინო“ მომხმარებელს უფრო მეტად ინტერაქციულ სათამაშოებს სთავაზობს, როგორიცაა მაგალითად, სამაგიდო თამაშები, ასაწყობი კონსტრუქციები და სხვ.
„ჩვენი ძირითადი მიმართულებაა ხის განმავითარებელი სათამაშოები, ასაწყობი კონსტრუქციები, ფაზლები და მაგიდის თამაშები. ჩვენი მთავარი მიზანია მეტი ჩართულობა იყოს მშობელსა და ბავშვს, ასევე თვითონ ბავშვებს შორის. ვფიქრობთ, ბავშვებს სოციალიზაციაში ხელშეწყობა სჭირდებათ და ეს საჭიროება განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ დადგა.
ბოლო პერიოდში გააქტიურდა სამაგიდო თამაშებზე მოთხოვნა, რაც ძალიან მიხარია, რადგან ეს სხვადასხვა უნარის განვითარებისთვის ძალიან კარგია. სამაგიდო თამაშები ახალ წელს ერთ-ერთი ტოპ გაყიდვადი პროდუქცია იყო ჩვენს ქსელში“, - თქვა „ბურატინოს“ დამფუძნებელმა, გიორგი ზაქარიაშვილმა.