სათამაშოების ბიზნესი წელს გაყიდვების რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზეა. საახალწლო პერიოდში სათამაშოების მაღაზიებს ყოველდღიურად რამდენიმე ასეულის, ზოგიერთ შემთხვევაში კი 2 000-ზე მეტი მომხმარებლის მომსახურება მოუწიათ. მოთხოვნის ამგვარ ზრდას ბიზნესი პოსტპანდემიურ პერიოდს უკავშირებს.
„წელს რეკორდულად დიდ ნაკადებთან გამკლავება მოგვიწია, ჩვენს ქსელს ძალიან ბევრი მომხმარებელი ეწვია. პანდემიის შემდეგ აშკარად იგრძნობა გამოცოცხლება. რაც შეეხება გაყიდვების მაჩვენებელს, წინა წელთან შედარებით, საახალწლო პერიოდში „პეპელას“ ქსელში 30%-ზე მეტი, ხოლო „XS Toys”-ში 40%-იანი ზრდა დაფიქსირდა“,- ამბობს „ბიბლუს ჯგუფის“ ბიზნეს განვითარების დირექტორი ანა მდივნიშვილი.
გაყიდვების მაჩვენებლის მკვეთრ მატებაზე საუბრობს მაღაზია „wishlist”-ის მარკეტინგის სპეციალისტიც, რომლის თქმითაც, საახალწლო პერიოდში მათ ყოველდღიურად 2 000-ზე მეტი მომხმარებელი სტუმრობდა.
„საახალწლოდ დღეში 2 000-ზე მეტ მომხმარებელს მოვემსახურეთ და ბევრი პატარა ბავშვის გული გავახარეთ. ჩვენი მაღაზია „თბილისი მოლის“ მესამე სართულზე მდებარეობს და რიგები მეორე სართულიდან იწყებოდა. არ წყდებოდა ხალხის ნაკადები. ვფიქრობ, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიც არის, რომ ჩვენთან არა მხოლოდ სათამაშოების შეძენაა შესაძლებელი, არამედ გართობაც. ბავშვებისთვის გახსნილი სათამაშოებიც გვაქვს, რომლითაც თამაში შეუძლიათ“, - თქვა ელენე ცხადაძემ.
სათამაშოების მაღაზია „ბურატინოში“ კი ამბობენ, რომ 2021 წლის საახალწლო პერიოდთან შედარებით, ახლა გაყიდვების მაჩვენებელი საშუალოდ 37%-ით არის გაზრდილი, დღის განმავლობაში კი საშუალოდ 400 ადამიანს ემსახურებოდნენ.
„ნაკადების ზრდა დეკემბრის პირველი რიცხვებიდან იწყება. ყველაზე რთული სწორედ ამ ნაკადების მართვაა, რადგან ყიდვის პროცესი მომხმარებლისთვის კომფორტული უნდა იყოს. მთელი წლის განმავლობაში ვემზადებით, რომ დეკემბერი ბევრად უფრო გამტარუნარიანი ყოფილიყო და სათამაშოების სწორი სელექცია მოგვეხერხებინა. შარშანდელთან შედარებით, გაყიდვები დაახლოებით 37%-მდე არის გაზრდილი. შარშან პანდემიური ფონის გამო ძირითადი დატვირთვა ონლაინზე იყო“, - თქვა „ბურატინოს“ დამფუძნებელმა, გიორგი ზაქარიაშილმა.