ორბელიანის განახლებულ ბაზარში ახალი ობიექტი “შოთი” გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს ქართული ენდემური ჯიშის ხორბლით, წითელი დოლით და ლომთაგორათი გამომცხვარ შოთის სენდვიჩებს სთავაზობს.
სტარტაპის დამფუძნებელი ალუდა არაბული bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ “შოთის” სენდვიჩები ქართული ავთენტური კერძებით მზადდება. მისივე თქმით, სტარტაპის იდეაც ქართული კერძების გათანამედროვებაა.
“შოთი" პირველი ქართული "სთრით ფუდ" ობიექტია. ჩვენს პურში ქართული ავთენტური კერძებია მოთავსებული, მათ შორის სხვადასხვა ხორცეული და ვეგეტარიანული საკვები. ჩემი მიზანი ქართული სამზარეულოს “გასთრითფუდება” იყო. ცუდია, რომ საქართველოში ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი შაურმაა, როდესაც ასეთი მრავალფეროვანი სამზარეულო გვაქვს. სწორედ ალტერნატიული პროდუქტის შექმნის საჭიროება იყო ინსპირაცია. "ორბელიანის ბაზარზე” სულ რამდენიმე თვეა რაც შევედით, მანამდე სხვადასხვა “ფუდ ფესტივალებზე” ვიღებდით მონაწილეობას. მომხმარებელმა კარგად მიგვიღო და მიუხედავად მცირე მასშტაბებისა, უკვე საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, საწყისად სხვადასხვა ლოკაციაზე ობიექტების გახსნას განვიხილავთ. უახლოეს ორ წელიწადში კი ობიექტის ევროპაში გახსნასაც ვგეგმავთ” - ამბობს სტარტაპერი.
“შოთი” ამ დროისთვის 10 ადამიანს ასაქმებს. ახალი ობიექტების დამატებასთან ერთად კი თანამშრომლების რაოდენობას გაზრდის. “შოთის” სენდვიჩების ფასი 13 ლარიდან 25 ლარამდე მერყეობს.