მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ესაა საკლუბო სცენის მიზანმიმართული განადგურება" - ღამის კლუბების განცხადება

61bf88478172b
თამთა ჯიჯავაძე
19.12.21 23:25
1597
“საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა" ღამის კლუბების გახსნის საჭიროებასთან და შრომის ინსპექციასთან შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მუსიკალური სივრცეებისა და კლუბების უსაფრთხო გახსნასთან დაკავშირებით “საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის” წარმომადგენლებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის მრავალთვიანი უწყვეტი მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომელსაც საფუძვლად უდევს ღია და დახურულ სივრცეებში COVID19-ის ტრანსმისიის კვლევის შედეგი.

ამავე კვლევებზე დაყრდნობით ასოციაციამ ბოლო 6 თვის განმავლობაში შექმნა კარის ახალი პოლიტიკის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს დახურული სივრცეების ეტაპობრივი გახსნის ჩარჩოს, რომელიც შემუშავდა მუსიკალურ ღონისძიებაზე დამსწრე პირების კოლექტიურ ქცევაზე და ამ ქცევებით გამოწვეულ რისკებზე დაკვირვების შედეგად.

2021 წლის 7 დეკემბერს, სწორედ ასეთი კონსულტაციების შედეგად შრომის ინსპექციის სამსახურთან შეთანხმებით დაიგეგმა და დაანონსდა 17-18 დეკემბრის საკლუბო ღონისძიებები. ამ 2 კვირის განმავლობაში ჩვენ არ მიგვიღია არანაირი შეტყობინება იმის შესახებ, რომ 17-18 დეკემბერს ღონისძიებების ჩატარება შეიძლება ეჭვქვეშ დამდგარიყო. შრომის ინსპექციის სამსახურმა 17 დეკემბერს, კლუბების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, როდესაც ყველა ფინანსური ხარჯი გაწეული, ხოლო ბილეთების უმეტესობა გაყიდული იყო, განაცხადა, რომ კლუბებში თავშეყრა კანონის დარღვევას წარმოადგენდა. ამასთანავე, შრომის ინსპექციის სამსახურისა და ასოციაცია “საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის” წარმომადგენლების მიერ უსაფრთხოების ნორმების შემოწმების მიზნით ამავე ღამეს დათვალიერებული იქნა თბილისის მასშტაბით არსებული ყველა სივრცე.

18 დეკემბერს, თბილისის კლუბების წარმომადგენლებსა და შრომის ინსპექციის სამსახურს შორის საგანგებო შეხვედრა გაიმართა. მათ მკაცრად მოითხოვეს გუშინდელი ღონისძიებების გაუქმება. წინააღმდეგ შემთხვევაში განგვიმარტეს, რომ გამოყენებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული ზომები, რაც გულისხმობს:
- სისხლის სამართლებრივი დევნა კლუბების ხელმძღვანელი პირების მიმართ.
- კლუბების გაურკვეველი დროით დახურვა და დალუქვა
- მძიმე ფინანსური ჯარიმები.

ამის პარალელურად ისინი დაგვპირდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ რათა შემდეგი კვირისთვის (21-23 დეკემბერი) ეს საკითხის საკოორდინაციო საბჭოზე დადებითად გადაწყდეს. ასევე დაგვპირდნენ, რომ შრომის ინსპექციის სამსახური გააკეთებდა საჯარო განცხადებას ამის შესახებ იმავე დღეს, ანუ გუშინ, 18 დეკემბერს. ამ ყველაფრის საფუძველზე, წინასწარ გაწეული ფინანსური ხარჯების მიუხედავად, მივიღეთ უმძიმესი გადაწყვეტილება გუშინ დაგეგმილი ღონისძიებების 1 კვირით გადავადების შესახებ.

სამწუხაროდ, შრომის ინსპექციამ გუშინ საერთოდ არ გააკეთა განცხადება და დღეს გაავრცელა, ისეთი შინაარსის წერილი, სადაც ჩვენი შეთანხმების პირობები, არ იყო ასახული, ხოლო ჩვენს მიერ დროები გადავადებული ღონისძიებები გამოაცხადეს, როგორც “გაუქმებული”.

ჩვენ უბრალოდ სხვა სახელს ვეღარ დავარქმევთ პროცესს, რომელშიც უკვე ორი წელია ვართ, გარდა იმისა, რომ ესაა საკლუბო სცენის მიზანმიმართული განადგურება. სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას სახელმწიფოს დამოკიდებულება. შესაბამისად ჩვენ მივმართავთ ყველა შესაძლო ზომას, რომ შევძლოთ კლუბების უსაფრთხო გახსნა და ჩვენი საყვარელი სივრცეების გადარჩენა.

მტკიცედ გვჯერა, რომ ერთადერთი გზა სფეროს გადარჩენისთვის არის ამ ინდუსტრიის კარების გახსნა და მათზე დაკისრებული არაპროპორციული ზომების შემსუბუქება. მკაცრი შეზღუდვების პარალელურად გვსურს შევქმნათ ალტერნატიული და უსაფრთხო დღის წესრიგი ღონისძიების მართვისა და მსვლელობის დროს გამოვლენილი რისკების მინიმუმამდე დასაყვანად.

იმედს ვიტოვებთ, რომ სახელმწიფოს გათავისებული აქვს ჩვენი როლი ეკონომიკის, ტურიზმის, საერთაშორისო რეპუტაციის, კულტურისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მშენებლობაში, ითვალისწინებს ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანთა მძიმე ყოფას და სწორედ ამიტომ, სახელმწიფო, როგორც კეთილმოსურნე, იმუშავებს აღნიშნული კრიზისის დასაძლევად, საკლუბო სივრცეების უსაფრთხო გახსნის მოთხოვნების შესაბამისად", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ღამის კლუბები აწერენ ხელს.

ცნობისთვის, განცხადება ღამის კლუბებთან შეხვედრის და მათ შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით შრომის ინსპექციამ დღეს გაავრცელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები