მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფასებს კონკურენცია ასტაბილურებს" - სუპერმარკეტ “ნატურალის” დამფუძნებელი

63fc564843121
ლიკა გურაბანიძე
27.02.23 22:00
1223
“მნიშვნელოვანი იქნება თუ სახელმწიფო კონკურენტულ გარემოს შექმნის, რადგან კონკურენცია ფასებს ასტაბილურებს", - ამის შესახებ სუპერმარკეტ “ნატურალის” დამფუძნებელმა ალექსანდრე ნებიერიძემ განაცხადა.

"საქმიანი დილის" ეთერში მან სურსათის ფასების შემცირების მიზნით მთავრობის გეგმებზე ისაუბრა და თქვა, რომ დამატებითი რეგულაციები ფასებზე უარყოფითად აისახება.

“ჩვენ ნაწილობრივ იმპორტირებულ პროდუქციაზე ვართ დამოკიდებულები, ხოლო ნაწილი ჩვენს ფერმაში და საცხობში წარმოებული პროდუქციაა. იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასებს სადისტრიბუციო კომპანიები ადგენენ და ჩვენ შემდგომ სტანდარტულად ფასნამატს ვადებთ. ჩვენი ფერმა სწორედ იმპორტირებული პროდუქციის დაბალანსებისთვის გვადგება და აქ მომხმარებლებს შედარებით დაბალ ფასებს ვთავაზობთ.

მიუხედავად იმისა, რომ მომწოდებლები ფასს ხშირად გვიცვლიან, ვცდილობთ, რომ ამის მიმართ მარტივად მოწყვლადები არ ვიყოთ და ბოლომდე თავს ვიკავებთ, რომ ფასი მომხმარებლებს არ გავუზარდოთ. თუმცა აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ არის ინფლაცია და ბიზნესის კეთება ფასნამატის გარეშე არ გამოვა. შესაბამისად, მომწოდებლების მიერ ფასების მატების შემთხვევაში, ფასების ზრდა ჩვენც გვიწევს. მაგალითად, ბოლო ერთ წელში ფასები დაახლოებით 20-30%-ით გავზარდეთ", - აღნიშნა ნებიერიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა რამდენიმე კვირის წინ მთავრობის სხდომაზე სურსათის იმპორტიორები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ძალიან მაღალი მოგების მარჟით მუშაობენ, რაც ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "არასწორი საქციელია".

ამის შემდგომ პრემიერმა განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრო სურსათის ფასებთან დაკავშირებით მოამზადებს კანონპროექტს, რომელიც შეეხება ევროდირექტივას სამართლიანი ვაჭრობის შესახებ.

“ნატურალი” ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და ის ორი ფილიალითაა წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები