მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"FDI გრანტის“ პირველი ბენეფიციარი ევროპიდან არის - მიხეილ ხიდურელი

62c93951f221e
თელარა გელანტია
09.07.22 12:15
951
უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - "FDI გრანტის“ პირველი ბენეფიციარის ვინაობა მალე გახდება ცნობილი. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა განაცხადა.

საქმე ის არის, რომ უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - "FDI გრანტი" მთავრობამ 2020 წლის ბოლოს დაამტკიცა. ხელშეწყობის მექანიზმი, საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს სთავაზობს გრანტს გაწეული ხარჯების ნაწილის ასანაზღაურებლად.

მიხეილ ხიდურელი პირველი ბენეფიციარი კომპანიის ვინაობას, ჯერჯერობით, არ ასახელებს, მაგრამ ამბობს, რომ "FDI გრანტის“ პირველი ბენეფიციარი ევროპიდან არის.

„პროგრამის პირველი ბენეფიციარი ლოგისტიკური სფეროდან არის. დღეს გამიჭირდება კომპანიის დასახელება, რადგან ოფიციალურად არაა დადასტურებული, მაგრამ შესაბამისი დოკუმენტების შევსება მიმდინარეობს და ამ კომპანიას ძალიან მალე გაგაცნობთ“, - თქვა მან.

#რედაქტ2-ის კითხვაზე - რითი აიხსნება ის ფაქტი, რომ სახელმწიფო პროგრამა - "FDI გრანტი" მთავრობამ 2020 წლის ბოლოს დაამტკიცა და პირველი ბენეფიციარი ამ დრომდე არ ჰყავს, მიხეილ ხიდურელმა აღნიშნული რამდენიმე მიზეზით ახსნა.

„პროგრამის შექმნისთანავე ვამბობდით, რომ ერთ-ერთი მთავარი, რასაც „FDI გრანტი“ გააკეთებდა, იყო ჩვენი მარკეტინგული შეთავაზების დახვეწა და განვითარება. რასაც ეს პროგრამა დღეს ცალსახად ახერხებს ანუ როდესაც ინვესტორს ესაუბრები, მსგავსი პროგრამის არსებობს ძალიან კარგია - ე.წ. ტრიგერია ინვესტორისთვის, რომ მეტად დააინტერესო ქვეყანაში შემოსვლით. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ მსგავს პროგრამებს სჭირდება დრო, ეს არ იყო თავის დაზღვევა... მსგავს პროგრამებს ნამდვილად სჭირდება ცნობადობის გაზრდა და ინვესტორებმა უნდა ნახონ ეს პროდუქტი.

სამართლიანობისთვის ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ პროგრამის შექმნას დაემთხვა პანდემია, შემდეგ უკვე დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი და მოდი, პირდაპირები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ ეს ახდენს გავლენას ინვესტიციების მოზიდვაზე. შესაბამისად, ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვიდგას დიდი რიგი ინვესტორების და ისინი არ იყენებენ ამ პროგრამას, მაშინ შეიძლება დავსვათ კითხვა - რამდენად ეფექტიანია ეს პროგრამა, მაგრამ როდესაც ვართ ძალიან კონკურენტულ გარემოში და ინვესტორებიც ცდილობენ, გადაწყვეტილება მაქსიმალურად დაზღვეული მექანიზმით მიიღონ, ეს პროგრამა დიდ მარკეტინგულ როლს თამაშობს“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.



ინფორმაციისთვის: პროგრამაში მონაწილე საერთასორისო კომპანია ვალდებულია, არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს და მინიმუმ 150 სამუშაო ადგილი შექმნას. ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის კი, განსახორციელებელი ინვესტიციის მინიმალური მოცულობა 5 მილიონ ლარს უნდა შეადგენდეს, ხოლო შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა არანაკლებ 200-ით განისაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები