თაფლის მწარმოებელმა კომპანია „აპიჯეომ“ 2022 წელს ექსპორტის მაჩვენებელი გაზარდა.
როგორც BMG-ის კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ერეკლე ჩიკვაიძემ უთხრა, კომპანიამ 2022 წელს საერთაშორისო ბაზრებზე, ჯამში, 120 ტონა თაფლის რეალიზაცია შეძლო, მაშინ როცა 2021 წელს ექსპორტზე 85 ტონა თაფლი გაყიდა.
ექსპორტის ზრდის მიუხედავად, „აპიჯეოს“ წარმომადგენლის თქმით, 2022 წელს საკმაოდ ბევრი გამოწვევა ჰქონდათ, მათ შორის კლიმატის გათვალისწინებით, თაფლის გარკვეული სახეობები არასაკმარისი რაოდენობით მიიღეს.
„გასულ 2022 წელს 120 ტონა თაფლის ექსპორტი, ძირითადად, საფრანგეთის მიმართულებით განვახორციელეთ. ჩვენ 20 ტონა თაფლს ვაწარმოებთ, დანარჩენ ნაწილს კი, 150-ზე მეტი მეფუტკრისგან, 70-ზე მეტ სოფელში ვიბარებთ.
ჩვენს გეგმებში იმერეთში მეფუტკრეობის ცენტრის შექმნა შედის, საიდანაც მხოლოდ თაფლის ექსპორტს არ მოვახდენთ და სხვა პროდუქტებზეც გავალთ“, - ამბობს ერეკლე ჩიკვაიძე.