მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იურიდიული ბერკეტების გამოყენება მოგვიწევს" - MVNO-ები მობილური ოპერატორების წინააღმდეგ დავას აანონსებენ

61e7f114b1ead
სალომე მეცხვარიშვილი
19.01.22 17:55
1065
"იურიდიული ბერკეტების გამოყენება მოგვიწევს" - იურიდიულ ბერკეტებს Inex Phone იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ წლის ბოლომდე მსხვილ მობილურ ოპერატორებთან შეთანხმება არ შედგება. კომპანიას სურს, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორად (MVNO) ჩამოყალიბდეს, რისთვისაც “მაგთიმ”, “სილქნეტმა” ან “ბილაინმა” საკუთარ ინფრასტრუქტურაზე უნდა დაუშვან. შედეგად, ქვეყანაში ახალი მოთამაშეები - ვირტუალური ქსელის ოპერატორები გაჩნდებიან.

“2019 წლიდან დაიწყო ეს პროცესი და დღემდე მიმდინარეობს. სამწუხაროდ, მდორედ, მაგარმ მიმდინარეობს. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ყველა პროვაიდერთან, თითქმის ყველა პროვაიდერს ერთი და იგივე პოზიცია უჭირავს: “ბილაინმა” განგვიცხადა, რომ 2022 წლამდე აწარმოებს ტექნიკურ სამუშაოებს და არ აქვს საშუალება, რომ დაგვიშვას ქსელზე. ძალიან დიდი თხოვნის, არაერთი წერილის გაგზავნის შემდეგ, “სილქნეტი” გამოჩნდა, ერთი შეხვედრა გვქონდა ონლაინ, თუმცა მას შემდეგ არ შეგვხმიანებიან: არაერთი წერილის მიუხედავად, არაერთხელ სატელეფონო საუბრის მიუხედავად, ვთხოვდით, რომ დაძრულიყო ეს საკითხი, მოეთხოვათ ნებისმიერი რამ, რაც აინტერესებდათ, თუმცა მათთან ურთიერთობისას იგნორის რჟიმში ვართ”, - აცხადებს Inex Phone-ის ხელმძღვანელი რატი ახვლედიანი.

Inex Phone-ს მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში, ჯერჯერობით, მხოლოდ “მაგთიკომთან” აქვს, თუმცა მათი თქმით, საბოლოო ხელშეკრულებამდე ჯერ ისევ შორია. რატი ახვლესიანის თქმითვე, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარს მსხვილი კომპანიების მსგავს სერვისებს შესთავაზებენ, ისინი "მაგთის", "სილქნეტისა" და "ბილაინის" კონკურენტები მაინც არ იქნებიან.

“ჩვენი შეთავაზება, წესით სამივე ორგანიზაციისთვის კომერციულად საინტერესოა. მივდივართ და ვთავაზობთ ისეთ პროდუქტს, ისეთ სეგმენტზე ორიენტირებულს, რაც ბაზარზე არ არსებობს და მცირე ჯგუფებს მოიცავს. საუბარია 500-1000-კაციან ჯგუფებზე. მსხვილ ოპერატორებს მათზე მარკეტინგული საქმიანობის გაწევა არ უღირთ, სამაგიეროდ ამისთვის მზად ვართ ჩვენ, რადგან სწორედ ესაა ჩვენი ნიშა. მაგალითად, შესაძლებელია სიმ-ბარათების ჩამონტაჟება ელექტრომობილებში, სკუტერებში, რომელიც მათ ნავიგაციაში დაეხმარებათ. დღეს ეს შეთავაზება ბაზარზე საერთოდ არ არსებობს, ამიტომ ამ პროდუქტის გამო გაჩნდება სრულად ახალი მომხმარებელი. შესაბამისად, ხეირობს ეკონომიკა, ბაზარი და მომხმარებელი, ვისზე ორიენტირებულიც არის ეს პროდუქტი.

მსხვილ მობილურ ოპერატორებს კი, რომლებსაც ქსელზე დაშვებისთვის ფულს გადავუხდით, გაეზრდებათ ტრაფიკი”, - აცხადებს რატი ახვლედიანი და აღნიშნავს, რომ აბონენტების მცირე რაოდენობას მსხვილ ოპერატორებს ნამდვილად “წაართმევენ”, თუმცა ეს ბაზარზე გავლენას ვერ მოახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები