ქართული ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია „მაისი“ ექსპორტზე გასვლას გეგმავს. bm.ge-სთან „მაისის“ დირექტორი რეზო აბაშიძე ამბობს, რომ პროდუქტის ნიმუშები დიდ ბრიტანეთში უკვე გაიგზავნა, უახლოეს პერიოდში კი ჩინეთშიც გაგზავნიან.
მისივე თქმით, გარდა ექსპორტისა, წელს ასორტიმენტის გაზრდაც იგეგმება და „მაისის“ 5 სახეობის წვენებს ატმის, ქლიავისა და პომიდვრის ნატურალური წვენები დაემატება.
„პროდუქტის ექსპორტზე გატანაზე მუშაობა წარმოების დასაწყისშივე დავიწყეთ. დღესაც სამუშაო შეხვედრა გვქონდა. წვენების ნიმუშები დიდ ბრიტანეთში გავგზავნეთ, დადებითი უკუკავშირი მივიღეთ, ახლა ჩინეთშიც ვაგზავნით და დიდი ალბათობით მიმდინარე წლის ივლისში უკვე პირველ ექსპორტს განვახორციელებთ.
ადგილობრივ ბაზარზე „მაისმა“ დიდი მოწონება დაიმსახურა. ამიტომ ასორტიმენტის გაფართოებას ვაპირებთ და წელს ახალ სახეობებს: ატმის, პომიდვრისა და ქლიავის წვენებს დავამატებთ“, - ამბობს „მაისის“ დირექტორი.
ცნობისთვის, ნატურალური წვენების ბრენდი ბაზარზე 2022 წლიდან გამოჩნდა. კომპანიის შექმნაში 2,3 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო. “მაისის” წლიური წარმადობა 1,5 მლნ ბოთლია.