საქართველოში ადგილობრივი წარმოების პროდუქტის დახლებზე პოზიციონირებაზე კომპანია „მარგებელი ჰოლდინგისა“ და დმანისში შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასიის“ დამფუძნებელმა მიხო სვიმონიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, მაღაზიაში მომხმარებელს ძალიან უჭირს გაარჩიოს, რომელი პროდუქტია ქართული და რომელი არა.
„ბევრს აწერია, რომ ქართულია, მაგრამ შემოტანილი პროდუქციაა. მაგალითად, შვეიცარია ძალიან იცავს თავის ბაზარს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) წევრია.
მე თავისუფალი ბაზრის მომხრე ვარ, მაგრამ აქ უკვე გაყალბებასთან გვაქვს საქმე. თუ აწერია, რომ ქართულია და არ არის ამ დროს ქართულ ნედლეულზე დამზადებული, უკვე არანაირ თავისუფალ ბაზართან არ არის დაკავშირებული აქ უკვე გამყალბებლებთან გვაქვს საქმე და სახელმწიფომ უნდა მიხედოს”, - ამბობს მიხეილ სვიმონიშვილი.
ბიზნესმენის თქმით, ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის უცხოურ პროდუქტებზე გარკვეული შეზღუდვები უნდა იყოს.
„მაგალითად, შვეიცარიაში რძის პროდუქტები, რომ შევიდეს ბარიერებია, იმიტომ, რომ შვეიცარიისთვის რძის პროდუქტები არ არის მხოლოდ რძე და კარაქი, ეს არის მოსახლეობის შენარჩუნება, იქ დამაგრება, ეს არის ტურიზმის განვითარება. შესაბამისად, ამაზე უნდა გაიხსნას დისკუსია. ისე არავინ გაიგოს, რომ ბაზარს ვეწინააღმდეგებით, არაფერს არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ შენი ინტერესები უნდა დაიცვა“, - აცხადებს ბიზნესმენი.
სვიმონიშვილის განმარტებით, ქართული სასურსათო დახლი დროთა განმავლობაში იზრდება, თუმცა რაოდენობრივად იმპორტულ პროდუქციას კონკურენციას ვერ უწევს: "სამწუხაროდ ჯერ არ ვართ იმ დონეზე, რომ იმპორტირებული უფრო მეტი არ იყოს. მაგალითად, თუ მოვიტანთ ხორც პროდუქტებს, ძალიან ბევრი პროდუქტია შემოტანილი ხორცისგან დამზადებული. ძალიან მიხარია, რასაც “ბიუ ბიუ” აკეთებს, ქართველი ვარ და მიხარია. ხორბალიც აქ მოჰყავს, სიმინდიც, ქათამსაც აქ ზრდის".
ცნობისთვის, „მარგებელი ჰოლდინგი“ სასურსათო ქარხანა „მარნეულის“ მფლობელი კომპანიაა. „მარნეული“ 2007 წელს დაარსდა და მომხმარებელს 50-ზე მეტი დასახელების საკვებ პროდუქტს, მათ შორის ჯემებს, მურაბებს, საწებლებსა და კონსერვებს, სთავაზობს.