მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვდგამთ ნაბიჯებს, რათა „მარგებელი ჰოლდინგი“ ტოპ-10 ექსპორტიორს შორის მოხვდეს - მიხეილ სვიმონიშვილი

64332456875f9
ლიკა მეგუთნიშვილი
16.04.23 14:00
1642
კომპანია „მარგებელი ჰოლდინგმა“ ბაზრების დივერსიფიკაციაზე მუშაობა აქტიურად დაიწყო. როგორც მისი მმართველი პარტნიორი, მიხეილ სვიმონიშვილი BMG-სთან აღნიშნავს, მხოლოდ ევროპული ბაზარი საკმარისი არ არის, ამიტომ კომპანია აზიური და ამერიკული ბაზრების ასათვისებლადაც აქტიურად მუშაობს.

„ამერიკის ბაზარი საინტერესოდ იზრდება ჩვენს პორტფელში, ამისთვის 5-6 წელი აქტიურად ვიმუშავეთ. იქ არა მარტო წყალი, არამედ წვენიც და მარნეულის პროდუქტებიც გაგვაქვს. ჯამურად წელს დაახლოებით 100 კონტეინერს გავგზავნით. თუმცა, ამერიკული ბაზარი ამოუწურავია და ბევრად მეტი შეიძლება გაკეთდეს. ასევე, შევედით იაპონიაში. დავიწყეთ ცოტ-ცოტა გაყიდვები, მინერალური წყლის დაახლოებით 5 კონტეინერი უკვე გავგზავნეთ იქ და დღეს რამდენიმე მაღაზიაში რომ შეხვალ, ნაბეღლავი „პერიესა“ და „სანპელეგრინოს“ გვერდით დგას. იაპონიის ბაზრის ათვისებას უკვე ორი წელია ვცდილობთ.

ახალ ბაზრებზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. როცა რეგიონში ასეთი გეოპოლიტიკური გარემოა, 5-10%-იან წილზე მეტი ერთ ბაზარს პორტფელში არ უნდა ჰქონდეს. ჩვენს პირობებში კი, კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ ძლიერი დივერსიფიკაცია დავიწყოთ, არაბეთის, აზიისა თუ თურქეთის მიმართულებით, სადაც ასევე უკვე ვყიდით ჩვენს პროდუქციას. ჩვენს წარმოებაში ექსპორტის წილი დაახლოებით 40%-ს შეადგენს და გვინდა, 2024-25 წლისთვის ეს მაჩვენებელი 60%-მდე გავზარდოთ“, - აცხადებს მიხეილ სვიმონიშვილი.

ამასთან, როგორც სვიმონიშვილი ამბობს, კომპანიის გეგმაა, უახლოეს მომავალში ქვეყნის ტოპ-10 ექსპორტიორს შორის დასახელდეს, რისთვისაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უკვე დაწყებულია.

„BMG აქვეყნებს ხოლმე, ტოპ-10 ექსპორტიორი, ტოპ-10 ქვეყანა, ტოპ-10 ინვესტორი და რომ არ ვარ ამ რეიტინგში, გული მწყდება. ჩვენი ამბიცია არის, რომ კომპანია ტოპ-10 ექსპორტიორს შორის მოხვდეს ყველა მიმართულებით და არა მარტო სასმელებში. წელს უკვე კონკრეტული ნაბიჯები იქნება ამისკენ გადადგმული. ნებისმიერ მეწარმეს უნდა ჰქონდეს ამბიცია, რომ რაღაც ისეთი აკეთოს, რასაც ზრდის პოტენციალი აქვს, პირველ რიგში შენთვის, ქვეყნისთვის, გადამხდელისთვის და შესაბამისად, მიმზიდველი იყო ინვესტორისთვის. როგორც კი მსხვილი პროექტები ჩნდება, სწრაფად შემოდიან თანმხლები ინვესტორები. ჩემი მიზანინ ისიცაა, რომ ეს მატარებელი დავძრა, რაც ქვეყანაში ინვესტორებს ავტომატურად შემოიყვანს. მჯერა თითოეული იმ პროექტის, რითაც ვამბობ, რომ ტოპ 10-ში უნდა შევიდეთ“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები