მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეორადი ავტომობილების გადამუშავება ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობაა" - რა იგეგმება?

6413197ecca40
ინგა მურუსიძე
16.03.23 17:46
2296
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების 6 კანონქვემდებარე აქტიდან 4 ძალაში შევიდა. რეფორმის ფარგლებში, ნარჩენების მართვის ვალდებულება უკვე აქვთ ელექტრონული მოწყობილობების, ავტომობილის ზეთების, ბატარეებისა და აკუმულატორების იმპორტიორ კომპანიებს. დარჩენილი 2 რეგლამენტი, რომელიც მეორად ავტომობილებს და მოცულობით ყველაზე დიდ, შესაფუთ ნარჩენებს ეხება, რამდენიმე წელია დამტკიცების მოლოდინშია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე BMG-ს გადაცემა „რედაქტ2“-ში სტუმრობისას, დარჩენილ ორ რეგლამენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ორივე მზად არის და დამტკიცების მოლოდინშია.

„ტექნიკურ რეგლამენტებზე ძალიან აქტიურად მუშაობს [გარემოს დაცვის]სამინისტრო. ამ ეტაპზე ფაქტობრივად მზად არის რეგლამენტი, რომელიც მეორად ავტომობილებს ეხება. შეფუთვის ნარჩენებთან დაკავშირებითაც გარკვეული პროექტი მზად არის, თუმცა მიდის ინტენსიური კომუნიკაცია, მათ შორის ჩართულ სექტორთან, მუნიციპალიტეტებთან და ა.შ. ჩვენ ველოდებით, რომ მალე იქნება ეს რეგლამენტები წარდგენილი მთავრობაზე და მიიღებენ“, - განაცხადა ნელი კორკოტაძემ.

კითხვაზე, უფრო კონკრეტულად რას ითვალისწინებს მეორადი ავტომობილების რეგლამენტი, ინსპექტორი განმარტავს, რომ პირველ რიგში ეს ეხება მიტოვებულ ავტომობილებს.

„ძალიან ხშირად უვარგისი ავტომობილები გვხვდება მიტოვებული, რაც წლების განმავლობაში გარემოს აბინძურებს. რეგლამენტით განისაზღვრება, როგორ უნდა მოხდეს მეორადი ავტომობილების ამოღება, მისი ნაწილებად დაშლა, მერე რეალიზაცია, როგორ უნდა მოხდეს ნარჩენებიდან ნივთიერებების ამოღება, რომ ჩვენ ეს დავაბრუნოთ უკან, ეკონომიკაში და არ აღმოჩნდეს ნაგავსაყრელზე, რაც კიდევ უფრო რთული სამართავია, როცა ხევში ან სადმე სხვაგან აღმოჩნდება. ვფიქრობ, ეს არის რესურსი, რომელსაც არ ვუფრთხილდებოდით, ვყრიდით გარემოში, ვაბინძურებდით წყალს, ბუნებას და ჰაერს. ახლა ვფიქრობთ, რომ ეს ტექნიკური რეგლამენტები ახალ სიცოცხლეს შესძენს ნარჩენებს და ჩვენ ამ რესურსს გამოვიყენებთ“, - თქვა კორკოტაძემ.

რაც შეეხება აღსრულებას, როგორ მოხდება გადამუშავება, სახელმწიფო ინსპექტორი განმარტავს, რომ ეს ბიზნესისთვის იქნება სრულიად ახალი შესაძლებლობა, მოიპოვოს ნედლეული და გადაამუშაოს.

„ცხადია, შეიქმნება ბიზნესი, რომელიც მოახდენს ნარჩენების რეციკლირებას, გადამუშავებას“, - დასძინა მან.

რაც შეეხება შეფუთვის ნარჩენების მართვის რეგლამენტს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე განმარტავს, რომ პროექტი ფაქტობრივად დასრულებულია, თუმცა ბიზნესთან გარკვეული საკითხები დასაზუსტებელია და ამაზე ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.

„კომუნიკაცია საკმაოდ მჭიდროა ბიზნესს და სამინისტროს შორის, ისე როგორც მუნიციპალიტეტებთან. რთული საკითხია, დიდ სეგმენტს ეხება. მე ვფიქრობ, რომ შეფუთვის ნარჩენი ერთ-ერთი უმთავრესი ნარჩენია, რომელიც წარმოიქმნება ჩვენ მიერ და ეს უნდა მართოს იმან, ბიზნესი იქნება ეს, თუ სახელმწიფო, ვისაც მეტი შესაძლებლობა აქვს ამ მიმართულებით. ბიზნესსაც გააჩნია გარკვეული შესაძლებლობები ამ მიმართულებით, რომ მართონ ნარჩენები", - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები