ქართული კომპანია „მესხური გემო რჩეული“ მომხმარებელს ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ 20-მდე სახეობის ხორცპროდუქტებს სთავაზობს. როგორც "მესხური გემო რჩეულის“ დამფუძნებელი თაკო კურტანიძე bm.ge-სთან აცხადებს, პროდუქცია, ჯერჯერობით, მხოლოდ ორბელიანის განახლებულ ბაზარში და ონლაინ იყიდება.
მისივე თქმით, სამომავლოდ "მესხურის“ ხორცპროდუქტები თბილისის აგრომარკეტებშიც იქნება ხელმისაწვდომი.
"ჩვენი წარმოება 1971 წლიდან არსებობს. ჯამში, 20-ზე მეტი დასახელების პროდუქციას ვაწარმოებთ, თუმცა „ორბელიანის ბაზარზე“ 15-მდე სახეობის ხორცპროდუქტი გვაქვს წარმოდგენილი. ამ ეტაპზე მხოლოდ ამ ლოკაციაზე ვართ, მაგრამ სამომავლოდ თბილისის მასშტაბით აგრომარკეტებშიც შევალთ.
რაც შეეხება ექსპორტს, ჯერჯერობით, არ იგეგმება, რადგან წარმადობა ამის საშუალებას არ იძლევა. ჩვენთან ყველაფერი ნაწილობრივ ხელით, ნაწილობრივ კი დანადგარებით მზადდება, ამიტომ რთულია ექსპორტისთვის საკმარისი რაოდენობა აწარმოო“, - ამბობს „მესხური გემო რჩეულის“ დამფუძნებელი.
ცნობისთვის, „მესხური გემო რჩეული“ თვიურად 1000 კილოგრამ პროდუქტს აწარმოებს, საიდანაც დაახლოებით, 300 კილოგრამი "ბაზარი ორბელიანზე" იყიდება. რაც შეეხება ფასებს, კომპანიის პროდუქცია საშუალო სეგმენტზეა გათვლილი.