ევროკომისიამ ვაქცინების ცენტრალიზებული სისტემით შეძენა სცადა, თუმცა ეს წამოწყება წარუმატებელი აღმოჩნდა და ჩავარდა. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ BMG-ისა და Forbes Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუ საქართველოში მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გიორგი ისაკაძემ ჩაწერა.
“ასეთი გაჭიანურება ახლა ჩავარდნას ნიშნავს. კონტრაქტის ვალდებულებების მიუხედავად, მწარმოებლებმა ბევრად ნაკლები მოცულობის ვაქცინის მოწოდება შეძლეს და მნიშვნელოვანად დააგვიანეს. უნგრეთის შესახებ გეტყვით... დღეს ვირუსის 9 ათასი ახალი შემთხვევა გვქონდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 170 იყო, თითქმის 10 ათას ადამიანს საავადმყოფოში მკურნალობენ, მათი 10% ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. შესაბამისად ასეთ ვითარებაში მოცდა შეუძლებელია“, - განაცხადა უნგრელმა მინისტრმა.
მისივე თქმით, უნგრეთი ვერ დაელოდა ევროკომისიის კონტრაქტს და დაგვიანებულ მიწოდებას, ამიტომაც ქვეყანამ ხელშეკრულებები გააფორმა როგორც რუსეთთან, ასევე ჩინეთთან. “7 მილიონი დოზის შესყიდვაზე გავაფორმეთ კონტრაქტები, რომლითაც 3.5 მილიონი ადამიანი უნდა აიცრას. ჩინურმა მხარემ ვადაზე ადრე მოგვაწოდა კონტრაქტით გათვალისწინებული ვაქცინები, უფრო კონკრეტულად კი ვადაზე 20 დღით ადრე 1 მილიონი დოზა ვაქცინა მივიღეთ. რუსეთიც ცდილობს ყველაფერს, რათა ვაქცინები დროულად მოგვაწოდოს. შესაბამისად ამჟამად ჩვენ აღმოსავლური ვაქცინებით ვუმკლავდებით ამ გამოწვევას და რომ არ გაგვეფორმებინა რუსეთთან და ჩინეთთან ეს კონტრაქტები, ახლა უფრო რთულ ვითარებაში ვიქნებოდით“, - დასძინა მან.
პიტერ სიიარტოს თქმით, ევროკავშირში ვაქცინის რეგისტრაციის ორი გზა არსებობს, მათგან პირველია ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურა, რომელიც ევროპის მედიკამენტების სააგენტოს გავლით ხდება. მეორე გზას კი საგანგებო მდგომარეობის დროს მიმართავენ, როდესაც ქვეყნების ეროვნული მარეგულირებლები უფლებამოსილი არიან საგანგებო ვითარებაში გასცენ ვაქცინების გამოყენების ავტორიზაცია.
უნგრელმა მაღალჩინოსანმა ჩინეთისა და რუსეთისგან ვაქცინების მიღების პროცედურებზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, უნგრეთიდან ამ ორ ქვეყანაში ჩავიდნენ ექსპერტები და შეამოწმეს იქაური ფარმაცევტული კომპანიები, ასევე მათი დოკუმენტაცია და ვაქცინების წარმოების ხაზები. ამის საფუძველზე გადაწყდა მათაგნ ვაქცინების მიღება. შესაბამისად ამჟამად უნგრეთი როგორც ჩინურ, ასევე რუსულ ვაქცინებს იყენებს.
"ბატონი პრემიერ-მინისტრი ჩინური ვაქცინით აიცრა. ამ ვაქცინებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ჩვენ პოზიტიური გამოცდილება გვაქვს“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის მინისტრმა გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში.
ცნობისთვის, საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვია. ოფიციალური შეხვედრების გარდა, რომელიც უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელმა საქართველოში გამართა, შედგა მისი პირადი კომუნიკაცია და შეხვედრა საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომელიც დახურულ ფორმატში წარიმართა.