მიმდინარე წლის ოქტომბერში ფასები წინა წელთან შედარებით 12.8%-ით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ საქსტატის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ზრდა ძირითადად შეეხო სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებს, ჯანდაცვას, ტრანსპორტს. იმპორტიორები ამბობენ, რომ ფასების მატება ძირითადად საერთაშორისო ბაზრებზე გადაზიდვების, ნედლეულისა და ნავთობის გაძვირებამ გამოიწვია.
ბენზინისა და დიზელის გაძვირება ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რამაც გავლენა მოახდინა ტრანსპორტის ჯგუფზე ინფლაციაში, აქ ფასებმა თითქმის 20%-ით მოიმატა. 29%-ით არის გაძვირებული პირადი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, სადაც მოიაზრება საბურავები, აკუმულატორები, სათადარიგო ნაწილები, ავტოსერვისი და ა.შ. კომპანია “ავტობანი” მომხმარებლებს სათადარიგო ავტონაწილებსა და ავტოსერვისს სთავაზობს. ორგანიზაციის დამფუძნებელი ბაკურ ხუნდაძე ფასების მატებას საერთაშორისო ბაზარს უკავშირებს და ამბობს, რომ ინფლაციის შეჩერება შეუძლებელია, სანამ მსოფლიო პანდემიას არ დაამარცხებს.
“მწარმოებლებს ნედლეული 30%-ით გაუძვირდათ, შესაბამისად მომწოდებლებისთვისაც და ჩვენთვისაც ფასებმა მოიმატა. პლუს, კონტეინერი, რომელიც ადრე ჯდებოდა 1900 დოლარი, ახლა ღირს 8 ათასი დოლარი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აისახება ფასებზე. ჩვენ კი არანაირი მექანიზმი არ გაგვაჩნია ამაზე ზემოქმედებისთვის, იძულებული ვართ, ავყვეთ ამ ტრენდს, რითაც მომხმარებელი იჭყლიტება”,- ამბობს ბაკურ ხუნდაძე.
კითხვაზე, ფასების გაძვირების პირობებში, როგორ შეიცვალა მომხმარებლის ქცევა, “ავტობანში” ამბობენ, რომ პანდემიის დროს ავტომობილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა, ამიტომ მოხმარებამ არათუ დაიკლო, არამედ 20%-ით მოიმატა.
“მანქანა დღეს სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს, მით უფრო ჩაკეტვების პერიოდში, როცა ადამიანებს მხოლოდ კერძო ავტომობილებით გადაადგილება შეუძლიათ, რათა ინახულონ თუნდაც მშობლები. არც ტექდათვალიერება გაჩერებულა ამ პერიოდში და მომხმარებელიც იძულებულია შეაკეთოს მანქანა, შესაბამისად, 20%-ით არის გაზრდილი მოხმარება ავტოსერვისის, სათადარიგო ნაწილების გაყიდვის, ზუსტად იგივე ტენდენციაა უკრაინაში, ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში”,- აცხადებს ბაკურ ხუნდაძე.