მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქვეყანაში ასეთი აღქმაა, რომ პური იაფი უნდა ღირდეს" - „გემოვანმა“ ქარხანა აამუშავა

62c71d9e96bc9
ალა ისპირიანი
07.07.22 22:30
1470
კომპანია „გემოვანმა“ თბილისის ზღვაზე პურის ქარხანა აამუშავა. კომპანია 10 სახეობის პურს აწარმოებს და პროდუქციას ქართული ხორბლით ქმნის.

„მექანიზმი ავაწყვეთ - ერთ ადგილზეა, ერთი ბრენდის ქვეშ, რომელსაც შეუძლია მინდვრიდან დახლამდე უზრუნველყოს უწყვეტი ჯაჭვი“, - განაცხადა „საქმიან დილაში“ “მზეთამზე”-ს დამფუძნებელმა ირაკლი ჩავლეშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე ქვის წისქვილიც არის, სადაც ცეხვილი ფქვილის წარმოებაა შესაძლებელი.

„პურის დედით ვაცხობთ პურს და დანამატს არ ვიყენებთ. მხოლოდ ფქვილს, წყალს და მარილს ვიყენებთ პროდუქტის შესაქმნელად. გვყავს მომხმარებლები, რომლებიც მხოლოდ ამ პურს მიირთმევენ. ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოგვიწია, მაგრამ ამან ჩვენში მოთმინების გამომუშავება გამოიწვია. მერე გამოცდილება და ახლა დიდი იმედით და წინ გადადგმული ნაბიჯით, რომელსაც ჰქვია საკუთარი ქარხანა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე. აქ არის ასევე ქვის წისქვილი, სადაც ცეხვილი ფქვილის წარმოება შეიძლება. სწორედ ცეხვილი ფქვილია ხორბლის მთელი სიკეთე. გვაქვს ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ დაახლოებით დღეში 10-12 ტონა ხორბალი გადავამუშაოთ და 25 000 პური ვაწარმოოთ. "მზეთამზე" თბილისის და რუსთავის ყველა ქსელურ სუპერმარკეტშია წარმოდგენილი. ყველაზე დიდი სირთულე იყო ის, რომ ეს პური ყველგან ხელმისაწვდომი გაგვეხადა, ამას მივაღწიეთ. ასე ვიტყოდი, რომ ჩვენი პური არის საკურნელა, იმიტომ რომ ამის მირთმევა საჭმლის მომნელებელი სისტემის მოწესრიგებას განაპირობებს. ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას უწყობს ხელს და ა.შ.

წარმოება ჩასუნთქვაა, მოხმარება ამოსუნთქვა. ამოსუნთქვა მომხმარებელზეა დამოკიდებული, თუ ეს ციკლი გაიზრდება, ჩვენ პირობას ვდებთ, რომ ამ გზას არ გადავუხვევთ. ქართულ ხორბალს პურის დედით ყოველგვარი დანამატების გარეშე დახლზე დავდებთ", - ამბობს “მზეთამზე”-ს დამფუძნებელი.

რაც შეეხება პრობლემებს, მისი თქმით, ბევრია, თუმცა გადასალახი.

"ბევრი პრობლემებია. პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას ცოტათი შრომა ეზარება. ცოტაა ისეთი, ვისაც პულსზე ხელი უდევს და არ ჩერდება. მაგრამ ცოცხალი ორგანიზმები ვართ და დიდი ხანი წარუმატებლობაში ვერ გაჩერდები. რა თქმა უნდა, არის პრობლემა მინიმუმ საწვავზე [საწვავის ფასის ზრდა] და ა.შ. მაგრამ შარშან სხვა პრობლემები იყო, იმის წინ სხვა იყო, 30 წლის წინ სხვა და სულ არის რაღაც გამოწვევები. მთავარია გამოწვევები დავძლიოთ", - აღნიშნავს იგი.

რაც შეეხება საწვავისა და ხორბლის გაძვირების გავლენას პურის ფასზე, ჩავლეშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ მოიმატებს.

"ალბათ გაძვირდება. ჩვენი პური ისედაც მაღალფასიანია. დიზელი ისეთი კომპონენტია, რომ ფასწარმოქმნაში მონაწილეობს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში იმის გაგებაა, რომ პური ძალიან იაფი უნდა იყოს და 1 ლარი უნდა ღირდეს. თუმცა არსებობს პური, რომელიც კილოგრამი ღირს 5 ლარი, მაგრამ იმის 2 ნაჭერი საკმარისია რომ დაკმაყოფილდე", - აცხადებს ირაკლი ჩავლეშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები