მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რა დავალებაც იყო სახელმწიფოსგან, კლინიკები იმას ასრულებდნენ" - ჯანდაცვის ასოციაცია მინისტრს პასუხობს

626ab7f3b2050
ელენე გოგბერაშვილი
28.04.22 21:30
1994
"2022 წლის იანვრიდან მოყოლებული, აქტიურად ვაკვირდებოდით დატვირთულობას კლინიკებში. აღმოჩნდა, რომ ხშირად, პაციენტთა მიღების თუ გაწერის მკაცრად გაწერილი კრიტერიუმები არ სრულდება და ხელოვნურად ხდებოდა მათი რაოდენობის ზრდა...

ცარიელ საწოლებში სახელმწიფო, 2 წლის განმავლობაში, არც თუ ისე ცოტა თანხას, თითოში, დაახლოებით, 180 ლარს იხდიდა, დატვირთულობა კი 60% იყო. ანუ, 2 წლის განმავლობაში, მობილიზებული საწოლებიდან, მინიმუმ, 40%-ში ცარიელ საწოლებში იხდიდა“ - ეს გსიტყვები ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს ეკუთვნის.

გადაჭარბებული საწოლფონდისა და სახელმწიფო თანხების არამიზნობრივი გამოყენების შესახებ მინისტრის ამ განცხადებას მალევე მოჰყვა რეაქცია სამედიცინო სექტორში.

ჯანდაცვის ასოციაციაში ღიად ამბობენ, რომ მსგავსი განცხადებები რეპუტაციულ ზიანს აყენებს როგორც კლინიკებს, ისე იქ დასაქმებულ პერსონალს.

ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ხეჩინაშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი მინისტრის კრიტიკას არ იღებს. მაია მახარაშვილი ამბობს, რომ კლინიკები ასრულებდნენ იმ დაკვეთას, რაც სამინისტროდან მოდიოდა.

„ასეთი ტიპის დაფინანსების არსი გულისხმობდა საწოლების დაჯავშნას. ეს იყო სახელმწიფოს გადაწყვეტილება, დადგენილებით განსაზღვრული და კლინიკები იმ დადგენილების ფარგლებში ოპერირებდნენ.

იყო კლინიკების ნაწილი, რომლებიც მუდმივად კოვიდ კლინიკებად მუშაობდნენ და ეს საჭიროება, ფაქტია, რომ არსებობდა, რადგან გახსოვთ - იყო პერიოდი, როცა საწოლებს ეძებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალური მობილიზაცია იყო. რა თქმა უნდა დაღმასვლის დროს ეს საწოლები თავისუფალი რჩებოდა, მაგრამ არ არსებობდა ზუსტი პროგნოზი, როდის იქნებოდა ისევ საჭირო. რთულია ასე კლინიკის გადაწყობა. მზაობა განსაზღვრა ამ დაჯავშნილმა საწოლებმა. ყველამ კარგად იცოდა, რომ ცარიელი საწოლი იქნებოდა, მაგრამ ეს იყო ზუსტად მობილიზების კონცეფცია.

კლინიკები იყვნენ ხელშეკრულების ფარგლებში, რა მოთხოვნაც იყო სახელმწიფოდან, იმ მოთხოვნას აკმაყოფილებდნენ. კლინიკების როლი ამ შემთხვევაში იყო შემსრულებლის როლი, რა დავალებაც იყო, იმ დავალებას ასრულებდნენ“-აცხადებს მაია მახარაშვილი.

მახარაშვილი არ გამორიცხავს იმასაც, რომ პანდემიის მართვის პროცესში კლინიკებში გარკვეულ ხარვეზებსა და პრობლემებს ჰქონდეს ადგილი, თუმცა მისი თქმით, ეს ნამდვილად ვერ შეფასდება როგორც დანაშაული, რაზეც მინისტრმა მიუთითა.

„შეიძლება იყო რაღაც ხარვეზები, შეიძლება იყო შეცდომები, რა თქმა უნდა 100%-ით ვერ დავდებთ თავს, რომ ყველგან ყველაფერი იდეალურად კეთდება, მაგრამ ამ პარტნიორობამ (სახელმწიფო და კლინიკები) შეაძლებინა ქვეყანას, რომ იმართა საკმაოდ პიკური, საკმაოდ მძიმე სიტუაციები.

კლინიკების მიმართ ეს დამოკიდებულება, რომ რაღაცა გაფლანგეს... ეს კლინიკების გადასაწყვეტი არ იყო. ეს იყო პარტნიორული ურთიერთობა სახელმწიფოსა და კლინიკებს შორის, რომ ემართათ ეს პროცესი.

იდეალურად ოპერირება ძალიან რთულია, რადგან ყველგან ადამიანური ფაქტორები მუშაობს და შესაბამისად, რაღაც ხარვეზები შეიძლება იყოს ნაპოვნი, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ეს არის ხარვეზი, შეცდომა და ვერ ვიტყოდი, რომ ეს "დანაშაულს" უნდა ნიშნავდეს“-აცხადებს მაია მახარაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები