მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამედიცინო სექტორის საოპერაციო მოგება, 2021 წელს, ₾600 მილიონზე მეტი იყო" - აზარაშვილი

62d9911e3923b
ალა ისპირიანი
21.07.22 23:00
768
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 2020-2021 წლებში სამედიცინო სექტორის საოპერაციო მოგება ჯამურად 1 მლრდ ლარამდე იყო და საუბარი, რომ ზოგიერთ კლინიკას დახურვა მოუწევს, ნაადრევია.

მისი თქმით, მალე სამართლიანი ტარიფები დაინერგება და არავის ექნება სპეკულირების საშუალება, რომ თურმე ტარიფები ზარალიანია და კლინიკები შეიძლება, დაიხუროს.

„2020 წლის და 2021 წლის მონაცემებით, მილიარდზე გაცილებით მეტია მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსებიდან სამედიცინო სექტორის შემოსავალი. არ ვგულისხმობ იმას, რაც ცალკე აქვთ კომერციული შემოსავალი, არასახელმწიფო დაფინანსებით. სექტორის საოპერაციო მოგება რომ ვნახოთ, მაგალითისთვის, 400 მილიონ ლარამდე იყო 2020 წელს და 600 მილიონ ლარზე მეტია 2021 წელს. ეს ტარიფები, სერვისები რომ ზარალიანია და აქედან გამომდინარე, ზოგიერთ კლინიკას მოუწევს დახურვა, შემოსავლიანობიდან გამომდინარე და ასე შემდეგ, ვფიქრობ, ცოტა ნაჩქარევი დასკვნაა. ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაცხადებული ვადები, როდიდან დავნერგავთ სისტემას, რომელიც საპილოტედ არის გაშვებული. სექტემბრიდან უკვე ამ სისტემას ჩავუშვებთ და ობიექტურად იქნება გამოთვლილი ტარიფები და ამ ტარიფების მიხედვით ყოველგვარი ადამიანური ჩარევის გარეშე მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურება. ეს იქნება ტარიფები, რომლებიც კონკრეტულ სამედიცინო მომსახურებაზე იქნება ობიექტურად გამოთვლილი იმ სტანდარტების მიხედვით, რომლითაც ითვლება წამყვანი თუ ნაკლებად წამყვანი ქვეყნების სამედიცინო სერვისები.

ვფიქრობ, იქნება სამართლიანობა ტარიფებში და არავის ექნება იმის სპეკულირების უფლება – თურმე რაღაც ტარიფი ზარალიანია და კლინიკები შეიძლება, დაიხუროს. ქვეყანაში გვაქვს გაცილებით მეტი კლინიკა და საწოლფონდი, ვიდრე ქვეყნისთვის დღეს საჭიროა. ეს ნებისმიერი კვლევებით დასტურდება. აქედან გამომდინარე, ტარიფი, რაც იქნება სამართლიანი და მომსახურების სტანდარტი, რასაც ჩვენ მოვთხოვთ, ქვეყანაში დატოვებს მაღალი ხარისხის კლინიკებს. ბიუჯეტიდან ანაზღაურებაც იქნება იმის მიხედვით, რასაც მოვთხოვთ, რასაც დააკმაყოფილებენ. ეს ტარიფიც იქნება სამართლიანი“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ "ჯანდაცვის ასოციაციის" წევრმა 100-მა კლინიკამ ზურაბ აზარაშვილს ღია წერილით მიმართა. წერილში საუბარია ტარიფების ინდექსაციის საკითხზე, რასაც, ხელმომწერების განცხადებით, კლინიკების ფინანსური მდგრადობა და წარმატებული ფუნქციონირება ემყარება. წერილის ავტორები ამბობენ, რომ თუ ტარიფების ინდექსაცია არ მოხდება, ეს კლინიკებისთვის დიდი ფინანსური დარტყმა იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები