მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჭიროებას ვერ ვხედავ, რეანიმაციური მომსახურების სანებართვო პირობების ამოქმედების გადადება განვიხილოთ - აზარაშვილი

საჭიროებას ვერ ვხედავ, რეანიმაციური მომსახურების სანებართვო პირობების ამოქმედების გადადება განვიხილოთ - აზარაშვილი
BM.GE
31.07.23 21:45
27

„ჯერ კიდევ წინა წლის დასაწყისში, როდესაც სამინისტროში მოვედი და სხვადასხვა საკითხებს განვიხილავდით, ძალიან გაკვირვებული დავრჩი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ სამწუხაროდ, ქვეყანაში, არ არსებობდა რეანიმაციის არანაირი სტანდარტი, თუნდაც, ერთ ფურცელზე დაწერილი, იქნებოდა ექიმებისა და ექთნების რაოდენობა, ინფექციის კონტროლი, თუ - სხვა“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე, სამინისტრომ, მუშაობა მაშინვე დაიწყო და 6-7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საკითხის განხილვა, ცვლილებების დამტკიცებიდან ამოქმედებამდე კი, სექტორს, მოსამზადებლად, დაახლოებით, 1 წელი ჰქონდა.

„არანაირი დათმობა, ამ კუთხით, არ იქნება. არც არის სწორი და ვერც ვხდები, რა უნდა  დავთმოთ?! - რეანიმაციაში სულ რამდენიმე პრინციპული საკითხია, რომლებიც ეხება ინფექციების კონტროლს; გამწოვ სისტემებს; სახანძრო უსაფრთხოებას; საწოლების რაოდენობას, ფართობის მიხედვით; ექთნებისა და ექიმებს რაოდენობას. კლინიკებისთვის შესაბამისი ვადაც გვქონდა მიცემული და ამ მიმართულებით, ჩვენი მხრიდან მხარდაჭერაც აქვთ. ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ, რომ ამ ცვლილებების გადადება განვიხილოთ.  

თუ ერთი კლინიკის ბაზაზე, 5 - 10 კლინიკაა შექმნილი, უნდათ, ერთმანეთთან კონტრაქტებით მოაწესრიგონ რეანიმაციასთან ან პალატებთან დაკავშირებული საკითხები, ამას ვერ დავუშვებთ, იმიტომ რომ ამას კლინიკა არ ჰქვია“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. 

დამტკიცებული სტანდარტების მიხედვით, რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებულია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები, 2023 წლის 1-ლ სექტემბრამდე დააკმაყოფილოს.

სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. სანებართვო პირობების გარეშე, კლინიკას რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები