მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას" - ილია დარჩიაშვილი

648c4908aaa12
BM.GE
16.06.23 15:43
402
საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა.

ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინისადმი საქართველოს სოლიდარობა სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში მრავალგზის გამოიხატა და საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციების და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს.

„უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური და დიპლომატიური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით. უკრაინისადმი საქართველოს სოლიდარობა საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში მტკიცე პოზიციებით, რეზოლუციების თანა-ავტორობით, თანა-სპონსორობის, თუ განცხადებებზე მიერთების გზით გამოიხატება. საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციების და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს“, - განაცხადა მინისტრმა

მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რომელსაც, საქართველო უწევს უკრაინას და აღნიშნა, რომ საქართველოში მყოფ 20 000-ზე მეტ უკრაინელს გაეწია დახმარება სხვადასხვა სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. დამატებით, დარჩიაშვილის თქმით, ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისთვის, ამ დრომდე, განხორციელდა საქართველოში დასვენება-რეაბილიტაციის ხუთი პროექტი.

დასასრულს, ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმაზე. მისი განცხადებით, საქართველო გახლავთ ამ პლატფორმის თანა-დამფუძნებელი და აქტიურად მონაწილეობს პლატფორმის სამიტებში. მინისტრის თქმით, საქართველო მიერთებულია ყირიმის პლატფორმის ფარგლებში მიღებულ ყველა ერთობლივ განცხადებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები