მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს სებ-ის დასტურის შემდეგ მარიამ მეღვინეთუხუცესი შეემატება

604f3996e6304
შოთა ტყეშელაშვილი
15.03.21 14:44
3677
დღეს "საქართველოს ბანკის" ჯგუფმა დირექტორთა საბჭოს ახალი წევრის არჩევის შესახებ გამოაქვეყნა განცხადება. "საქართველოს ბანკ PLC"-ის დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი არააღმასრულებელი დირექტორის პოსტი მარიამ მეღვინეთუხუცესმა დაიკავა. ის  სს "საქართველოს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც გახდება, რასაც ჯერ საქართველოს ეროვნული ბანკის ნებართვა ესაჭიროება; ასევე მეღვინეთუცუხესი დაიკავებს ბანკის რისკის და ნომინაციის კომიტეტების წევრის პოზიციას. 

"მოხარული ვართ, მივესალმოთ მარიამ მეღვინეთუხუცესს დირექტორთა საბჭოში. ფინანსურ სერვისებში, მმართველობასა და რეგულაციებში მისი მრავალწლიანი გამოცდილებით, მარიამი "საქართველოს ბანკის ჯგუფს" შემატებს ექსპერტულ ცოდნას და გამოცდილებას, რაც დამატებით გააძლიერებს ჩვენს ბორდს. გვაქვს ძალიან მაღალი დონის თავსებადობა კორპორატიული მართვის როგორც არსებულ, ასევე, ახალ სტანდარტებთან და კვლავ უზრუნველვყოფთ, რომ ეს სტანდარტები უმაღლეს დონეზე შენარჩუნდეს", - განაცხადა "საქართველოს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნილ ჯანინმა. 

მარიამ მეღვინეთუხუცესი 2015-2019 წლებში EBRD-ის მიერ შექმნილ "ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს" ხელმძღვანელობდა; მას საფინანსო სექტორში საქმიანობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. 2009-2014 წლებში "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა, 1997-2007 წლებში კი EBRD-ში სხვადასხვა თანამდებობაზე საქმიანობდა. 

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" განცხადების თანახმად, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნილ ჯანინი წლის ბოლომდე პოსტს დატოვებს, თუმცა გარდამავალ პერიოდში საბჭოს შემადგენლობაში დარჩება. ასევე წლის ბოლომდე ბანკის რისკის კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ გეორგაძე პოსტს დატოვებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული კორპორატიული მმართველობის ახალი სტანდარტების შესაბამისად, ბანკების სამეთვალყურეო საბჭოს და რისკის კომიტეტების თავმჯდომარეები საბჭოს დამოუკიდებელი წევრები უნდა იყვნენ. აღნიშნული მოთხოვნა ბანკებმა 2021 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დააკმაყოფილონ. 

ამჟამად, სს "საქართველოს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა ასეთია:

თავმჯდომარე - ნილ ჯანინი;
თავმჯდომარის მოადგილე - ჰანნა ლოიკანენი;
საბჭოს წევრი - თამაზ გეორგაძე;
საბჭოს წევრი - ალასდაირ პოლ მაკენზი ბრიჩი; 
საბჭოს წევრი - ჯონათან ვილიამ მუირი
საბჭოს წევრი - სესილ დაერ ქუილენ მესამე;
საბჭოს წევრი - ვერონიკ მკ კაროლი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები