მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს რკინიგზამ" 2020-2021 წლებში თანამშრომლებს ხელფასი ორ ეტაპად გაუზარდა

61c6c62e365ef
დავით ჯალაღონია
25.12.21 11:50
1123
"საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ გასული წელი Forbes Talks-თან ინტერვიუში შეაჯამა. მან პანდემიის პირობებში არსებულ გამოწვევებთან კომპანიის საპასუხო ნაბიჯებზე ისაუბრა.

აღნიშნულ პერიოდში რკინიგზის სამგზავრო გადაყვანებიდან შემოსავლები შემცირდა, რადგან ეს სერვისი დროებით შეჩერებული იყო, თუმცა როგორც ფერაძე აღნიშნავს, კომპანიამ თანმშრომლებისთვის ხელფასის გაზრდა მაინც მოახერხა.

"რაც შეეხება მგზავრთა გადაყვანას, პანდემიის პირობებში ერთი წელი გაჩერებული იყო ჩვენი მგზავრთა გადაყვანის სერვისი და მხოლოდ მესამედი გადავიყვანეთ (იმისა, რასაც წლიურად რკინიგზა უზრუნველყოფს). კომპანიამ მოახერხა და წელიწადნახევარში, სადღაც 2020 წლის პირველ კვარტალში, პირველად მოხდა 7 წლის განმავლობაში ხელფასების მატება – პირველი 10%–იანი მატება იყო, რაც საკმაოდ დიდი დადებითი ეფექტი იყო და მეორე მატება მოხდა მიმდინარე წლის სექტემბერში, ამ შემთხვევაში 10%–ზე მეტია მატება", – განაცხადა დავით ფერაძემ.

მისივე განმარტებით, ეს შეძლო სახელმწიფო კომპანიამ, რომელსაც "დოტაცია და სუბსიდირება ნულოვანი აქვს".

"სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა არ მიგვიღია რამდენიმე ათწლეულია", – აღნიშნა მან.

ამასთან, გადაცემის წამყვანის კითხვის პასუხად, დავით ფერაძემ განმარტა, რომ "საქართველოს რკინიგზა" კომერციულად ორიენტირებული სოციალური საწარმოა, რომლიც მიყვება სახელმწიფოს ერთ–ერთი მთავარ ამოცანას – დასაქმებას. 

"პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის სახელმწიფო კომპანია და მთავარი ამოცანა სახელმწიფოს მხრიდან არის დასაქმების საკითხი. მეორეს მხრივ, გეთანხმებით იმაში, რომ სოციალურად მიმართული კომპანიის იერსახეც აქვს ჩვენს კომპანიას, მაგრამ ეს არის კომერციულად ორიენტირებული სოციალური საწარმო, ანუ კარგი სიმბიოზი გამოდის. რა თქმა უნდა, მეტი სირთულეებია ჩვენთვის. ბიზნესისთვის სხვა ხედვა უნდა იყოს, როცა არის სოციალური კომპანია, იქ სხვა ხედვებია. ოქროს შუალედია ნაპოვნი, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ არსებული კადრები, საკადრო პოლიტიკა და ასევე მოვახდინოთ ბიზნეს განვითარება", – განაცხადა "საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა.

ფერაძემ "საქართველოს რკინიგზის" ტვირთბრუნვის მაჩვენებლებიც მიმოიხილა და განაცხადა, რომ წელს ამ მხრივ რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.

"ასეთი ზრდა ბოლოს 2010 წელს იყო. წელს სატვირთო გადაზიდვებში 9.5%–იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. თუ შევხედავთ ევროპას, დაწყებული 42%–დან, დამთავრებული 10%–მდე კლებაა მთელს რეგიონში, აღმოსავლეთ ევროპაში. საკმაოდ დადებითი შედეგი დაიდო. ჩვენი პროგნოზები მატებასთან დაკავშირებით იყო 500-600 ათასი ტონა და წლიურ ჭრილში უკვე მილიონ 100 ტონას გადავაჭარბეთ. ახალ წლამდე რამდენიმე დღე დარჩა და ეს ციფრები კიდევ დაკორექტირდება", – განაცხადა დავით ფერაძემ.







გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები