საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და EIB-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა Forbes Talks-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ამჟამად სლოვაკეთის მშპ-ის 85% ექსპორტიდან გენერირდება და მსგავს მაჩვენებელზე გასვლა საქართველოსაც შეუძლია, ამისთვის კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოზიდვაა მნიშვნელოვანი.
"ვფიქრობ, საქართველო სლოვაკეთის მსგავსი ქვეყანაა. სლოვაკეთის ეკონომიკური განვითარების მთავარი ხაზი დღეს ექსპორტია. მშპ-ის 85% ექსპორტზე მოდის. საქართველოსაც, ჩემი აზრით, მსგავსი პოტენციალი და მომავალი აქვს. ამას კი ნამდვილად სჭირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და იმედი მაქვს, რომ მთავრობასთან, კომპანიებთან, ბიზნესთან ერთად ამას მივაღწევთ", - განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.
2020 წელს საქართველოს ექსპორტი $3.34 მილიარდი დოლარი იყო, ექსპორტის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებამ კი მხოლოდ 21% შეადგინა.
2021 წელს კი საქართველოს ექსპორტი წინა წელთან შედარებით 24%-ით გაიზარდა და წლის პირველ 9 თვეში მან $2.98 მილიარდს მიაღწია.