მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უნიგრუპი" "ლუკოილ-ჯორჯიას" განცხადებას პასუხობს

6125031144cc2
BM.GE
24.08.21 18:33
3170
ფიზიკური პირები და კერძო კომპანიები მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან „ლუკოილის“ ბარათებით საწვავს ვეღარ ანაღდებენ, მიუხედავად იმისა, რომ თანხა უკვე გადახდილი აქვთ. როგორც „ლუკოილ-ჯორჯიაში“ განმარტეს, ამის მიზეზი კომპანია „უნიგრუპთან“ გაწყვეტილი ხელშეკრულებაა, რომელიც მესამე პირებთან ხელშეკრულებას საწვავის გაყიდვაზე უშუალოდ აფორმებდა. "ლუკოილის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ აღნიშნულ კომპანიას მათ წინაშე მრავალმილიონიანი დავალიანება აქვს დაგროვილი.

"ლუკოილ ჯორჯიას" მიერ გავრცელებული ამ განცხადების შემდეგ BM.GE-ს "უნიგრუპიდან" დაუკავშირდნენ. კომპანიის პოზიციას უცვლელად გთავაზობთ:

"2021 წლის 20 აგვისტოს ბიზნეს მედიაში (BM.GE) გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც „უნიგრუპის“ მიერ „ლუკოილ-ჯორჯიასთვის“ მიყენებულ მრავალმილიონიან ზარალს ეხება, ემსახურება „უნიგრუპის“ მადისკრედიტირებელ კამპანიას და შპს „ლუკოილ ჯორჯიას“ მხრიდან მისივე მომხმარებლების წინაშე არსებული პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.

რეალურად, შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ და უნიგრუპს შორის მოქმედი ხელშეკრულების თანახმად, მომხმარებლის მიმართ, რომელმაც შეისყიდა ლუკოილის საწვავი „უნიგრუპის“ მეშვეობით, პროდუქციის შენახვის და მიწოდების ვალდებულება ეკისრება სწორედ შპს „ლუკოოილ-ჯორჯიას“, მისივე ბრენდის ქვეშ მოქმედი ავტოგასამართი სადგურებიდან.

დაინტერესებულ საზოგადოებას გვსურს მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ სრული სიცრუეა თითქოს „უნიგრუპის“ მხრიდან არ ხდებოდა მიმდინარე მომხმარებლების მიერ გადახდილი თანხების გადარიცხვა შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ სასარგებლოდ, რის შედეგადაც მას წარმოექმნა ფულადი ვალდებულება.

დავალიანება, რომლის გამოც შპს „უნიგრუპსა“ და შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ შორის წარმოიქმნა გაუგებრობა უკავშირდება განვლილ პერიოდს და არანაირად არ არის დაკავშირებული მიმდინარე მომხმარებლების მიერ შესყიდული საწვავის გადაუხდელობასთან შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ ანგარიშზე, რისი დამადასტურებელი სათანადო საბულღალტრო და ფინანსური დოკუმენტაცია ცხადია არსებობს.
შპს „უნიგრუპის“ ხელმძღვანელობა, 2020 წლიდან, მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობისა, რომელიც აისახა ასევე კომპანიის გაყიდვებზე, პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, როგორც მიმდინარე მომხმარებლების, ისე შპს „ლუკოილ - ჯორჯიას“ მიმართ. ასევე შეთავაზებული იქნა არაერთი წინადადება შპს „ლუკოილ-ჯორჯიასათვის“ ძველი დავალიანების დაფარვის მიზნით, თუმცა უშედეგოდ, რადგან აშკარა იყო, რომ შპს ლუკოილ-ჯორჯიას“ თვითმიზანს სწორედ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა წარმოადგენდა, ვინაიდან შპს ლუკოილ ჯორჯია თავად აპირებდა გაყიდვების წარმოებას, რაც განახორციელა კიდეც უნიგრუპთან ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ.

შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ ერთის მხრივ 2021 წლის 21 ივლისს ვადამდე შეწყვიტა ხელშეკრულება, ამასთან მიუხედავად ჩვენი კატეგორიული მოთხოვნისა, მათ მიმდინარე მომხმარებლებს მისცეს სრულიად არაგონივრული ვადა 2021 წლის 01 აგვისტომდე გაენაღდებინათ მათ ხელთ არსებული საწვავის ნაშთები, რომელთა საფასურიც კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ხაზგასმით, უნიგრუპს პირნათლად აქვს გადახდილი შპს „ლუკოილ-ჯორჯიასთვის“ და არანაირად არ არის დაკავშირებული განვლილი პერიოდის დავალიანებასთან.

შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, დაზარალებული მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე უნიგრუპი ახდენს საკითხის შესწავლას, რის შემდეგაც მიაწვდის ინფორმაციას დაინტერესებულ საზოგადოებას სამომავლო გეგმების შესახებ.
უნიგრუპი კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს იმ მომხმარებლებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს შესყიდული საწვავის განაღდება 2021 წლის 01 აგვისტომდე და გამოვთქვამთ იმედს, რომ ყველა არსებული პრობლების გადაჭრა მოხდება მათი ინტერსების გათვალისწინებით"-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები