საქართველოს საბანკო ასოციაცია ვითიბი ბანკის ქართული ბაზრიდან გასვლის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდე ძნელაძე bm.ge-სთან აცხადებს, მათთვის უცნობია, ბანკი იყიდება, თუ ის გაკოტრების რეჟიმში გადადის.
ვითიბი ბანკის“ ხელმძღვანელმა ანდრეი კოსტინმა "ინტერფაქსთან" განაცხადა, რომ ბანკი თავის პოზიციებს მხოლოდ საქართველოში თმობს და ქვეყნიდან გადის.
„არ გამოიკვეთა მის განცხადებაში, რომ ბანკი იყიდება თუ გაკოტრების რეჟიმში გადადის.ეს არ უთქვამთ. თეორიულად მინიშნება იყო, რომ შეიძლება გაიყიდოს, მაგრამ დღეის მდგომარეობით, დაზუსტებული ინფორმაცია ამის შესახებ არ გვაქვს.
ბანკი აგრძელებს ვითიბი ბანკის ლიცენზიით ფუნქციონირებას. დღეის მდგომარეობით, ვითიბის აქვს საკმარისი კაპიტალი, რომ უზრუნველყოს იმ მომხმარებლის მომსახურება, რომელიც რჩება ვითიბი ბანკში", - აცხადებს ძნელაძე.
როგორც ცნობილია, "ვითიბი ბანკმა" საერთაშორისო სანქციების დაწესებიდან რამდენიმე დღეში საქართველოში მისი შვილობილი ბანკის სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი გაყიდა. ბანკის აქტივები "ლიბერთიმ" და "ბაზისბანკმა" შეიძინეს.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 1.6 მილიარდი ლარით იყო შემცირებული და 501 მილიონ ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის პოზიციას, ამ ეტაპზე სებ-ი არ ამბობს, მიმართა თუ არა ბანკმა ლიცენზიის გაუქმების ან აქტივების გასხვისების მიზნით. საქმის წარმოების დაწყების შემდეგ შესაბამის ინფორმაციას სებ-ი კანონით განსაზღვრული წესით გაასაჯაროებს.