მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვხედავ ეკონომიკის გადახურების რისკებს" - გიორგი ხიშტოვანი

62d95e11c5437
ანუკა ჯოხაძე
21.07.22 23:43
1020
ეკონომიკის გადახურების ნიშნები არ არის - ეს განცხადება მიმდინარე კვირაში ფინანსთა მინისტრმა გააკეთა. თუმცა ეკონომისტები ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა და ორნიშნა ინფლაციის ფონზე, აქტიურად საუბრობენ იმ რისკებზე, რამაც შესაძლოა ეკონომიკის გადახურება გამოიწვიოს.

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი ჩვენი კითხვის საპასუხოდ, დგას თუ არა ეკონომიკის გადახურების რისკები დღეს, ამბობს, რომ არსებობს. მისი თქმით, საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ არის გრძელვადიანი და ის ძირითადად გარე ფაქტორებითაა განპირობებული. ამის პარალელურად ხიშტოვანი ორნიშნა ინფლაციასთან მიმართებით, რომელიც ბოლო თვეებია ქვეყანაში ფიქსირდება, ეროვნულ ბანკს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

“ეკონომიკის ორნიშნა ზრდის ამხსნელი ფაქტორები საქართველოში შეიძლება ვთქვათ, რომ არ არის გრძელვადიანი. ჩვენი ეკონომიკის ზრდის მიზეზი არ არის ჩვენი კონკურენტუნარიანობა, არამედ არის გარე ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ ეკონომიკაზე, თუმცა მოქმედებენ შოკურ რეჟიმში. შესაბამისად, მე ეკონომიკის გადახურების რისკს ვხედავ. აქედან გამომდინარე მოვუწოდებდი ეროვნულ ბანკს, რომ უფრო ყურადღებით დააკვირდეს იმ გარემოებას, რომ წელიწადნახევარია ორნიშნა ინფლაცია გვაქვს, რაც ძალიან დიდი დარტყმა საზოგადოებისთვის", - ამბობს PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი.

ცნობისთვის, 2022 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა 11.6%-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის 5 თვეში კი ზრდამ 11.2% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, მაღალი ტემპით იზრდება კერძო სექტორის ბრუნვა, რამაც მაისში 10,2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები