"ვაფრთხილებ ყველას, წამლის რეკლამას თავი ავარიდოთ, თითმკურნალობა სიკვდილისკენ მიმავალ გზას ნიშნავს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლადო კახაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც აზარტული თამაშების შეზღუდვის კანონპროექტს განიხილავენ.
საქმე ის არის, რომ 2022 წლის პირველი მარტიდან აზარტული თამაშების რეკლამა სრულად იკრძალება, რადაც დეპუტატი მიესალმება. „სხვისი უბედურებით ნაშოვნი ფული არამია და არავის შეერგება“, - მიმართა ლადო კახაძემ ტელევიზიების წარმომადგენლებს და იმ დეპუტატებს, რომლებიც კანონის ამ მუხლს აკრიტიკებენ და მთავრობას გონივრული მოდელის ჩამოყალიბებას ურჩევენ.
აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვაზე საუბრისას დეპუტატს, როგორც ჩანს, წამლის რეკლამაც გაახსენდა და ამ საკითხზეც მედიასაშუალებებს რჩევა მისცა.
„ადამიანმა არ იცის როგორ, სად გამოიყენოს მედიკამენტი. ეს კიდევ დიდი უბედურებაა, ამიტომ რეკლამის გამშვებებმა, რომლებიც კეთილშობილურ აზრს უნდა ემსახურებოდეთ, იცოდეთ რა საქციელს სჩადიხართ. წამლის რეკლამა უნდა იყოს მხოლოდ დახურულ სივრცეში, ექიმებისთვის და ექიმმა უნდა გადაწყვიტოს ამა თუ იმ გამოწვევის დროს, პაციენტს რომელი წამალი დაუნიშნოს. ამას ფულის სანაცვლოდ, ანგარებიანი მიზნით ნუ გააკეთებთ. ეს არის კატეგორიული თხოვნა“, - განაცხადა ლადო კახაძემ.
პარლამენტარი მედიას ურჩევს, ეთერში ჯანსაღი ცხოვრების წესის და ჯანსაღი კვების პროდუქტების რეკლამა გაუშვან.