საქართველოს ონლაინ აზარტული თამაშების სექტორი უკანასკნელი წლების განმავლობაში მაღალი ტემპებით იზრდებოდა. დღეს ბაზარზე წარმოდგენილია რამდენიმე ძირითადი ვებგვერდი, რომლებზეც წლიური ბრუნვა მილიარდობით ლარია.
ონლაინ-კაზინოს შემოსავალი არის ფსონების სახით მიღებულ თანხას გამოკლებული გაცემული მოგება. ამ მაჩვენებელს GGR ეწოდება. ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, 2021 წელს ქვეყანაში მოქმედი 5 ონლაინ-კაზინოს ჯამურმა შემოსავალმა 1.2 მილიარდი ლარი შეადგინა.
6 ძირითადი ონლაინ-კაზინოდან 5-ს 2021 წლის ფინანსური ანგარიში უკვე გამოქვეყნებული აქვს. მათ შორის, ყველაზე დიდი 453 მილიონიანი შემოსავალი “კრისტალბეთს” ჰქონდა, რაც წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტი იყო. “კრისტალბეთს” ჰქონდა ყველაზე დიდი წმინდა მოგებაც, რაც 196 მილიონ ლარს შეადგენდა. 147 მილიონის წმინდა მოგებით მეორე პოზიციას "აჭარაბეთი" იკავებს, მესამეზე კი 59 მლნ ლარის მოგებით კროკობეთია.
2022 წელს აზარტული თამაშების სექტორი დიდი გადაწყობის წინაშე აღმოჩნდა, რადგანაც 25 წლამდე პირებს; ასევე საჯარო მოხელეებსა და სოცდაუცველებს თამაში აეკრძალათ. პარალელურად, აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამირებაც. რეკლამის აკრძალვა ონლაინ-კაზინოებს ახალი თამაშების თუ ინოვაციების დანერგვას გაურთულებს. ასევე მარკეტინგის გარეშე, ბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლა და ამ მხრივ კონკურენციის ზრდა გართულდება.
წყარო: Forbes Georgia, თებერვლის გამოცემა