მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხვალ თუ ვიღაცამ გადაიღო ფოტო რომ დახლზე არ დევს "სნიკერსი", წავლენ და იყიდიან, რაც მის გაქრობას გამოიწვევს“

6232fcbe0d940
თათია ჩაფიჩაძე
17.03.22 23:23
1016
„რაც შაქარზე მოხდა, იგივე რომ მოხდეს, შეგვიძლია ვთქვათ რომ ყველა პროდუქტზე შეიქმნება დეფიციტი“ - ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

ჭყონია განმარტავს, რომ პანიკური შესყიდვების შემთხვევაში ნებისმიერი საკვები შეიძლება იქცეს დეფიციტურად, ამიტომ მომხმარებლებს არასაჭირო რაოდენობით შესყიდვებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

„მარაგი არის პირობითი ცნება, რა მარაგზე ვლაპარაკობთ, პანიკური შესყიდვების დროს გვაქვს 1 სთ-ის მარაგი, სხვა შემთხვევაში გვაქვს 2 კვირის, რაღაც შემთხვევაში 3 თვის. რაც შაქარზე მოხდა, იგივე რომ მოხდეს, შეგვიძლია ვთქვათ რომ ყველა პროდუქტზე იქნება დეფიციტი. რატომღაც ვბაძავთ მეზობელ ჩრდილოვან ქვეყანას. ხვალ თუ ვიღაცამ გადაიღო ფოტო რომ დახლზე არ დევს პირობითად "სნიკერსი", წავლენ და იყიდიან, რაც მის გაქრობას გამოიწვევს.

რითეილერებმა თქვეს, რომ შაქრის ერთი თვის მარაგი 5-7დღეში ამოვყიდეთო, რას უნდა გავუძლოთ ასე? მითუმეტეს როცა ლოჯისტიკა გართულებულია, მიწოდების ჯაჭვი, რომელიც აწყობილი გვქონდა აირია, ამინდის პროგნოზიც გაუარესებულია, ლარსი დაიკეტა და ა.შ. მაგრამ იმპორტიორები, დისტრიბუტორები და რითეილერები მართავს ვითარებას. პანდემიის დროსაც ვმართეთ და ეს გამოცდილება გვაქვს. არ იყიდოთ, თორემ გაგიფუჭდებათ, ამით თქვენს თავსაც აზიანებთ და თქვენ მეგობრებსაც.“ - აცხადებს ჭყონია.

რაც შეეხება პროდუქტებზე ფასების ზრდას, ჭყონია ამბობს, რომ პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდება. პროცესების მეტ-ნაკლებად მართვა კი სახელმწიფოს გადასახადების შემცირებით შეუძლია.

„წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი სუბსიდიის, ეს არის დაკარგული თანხა, შესაბამისად საუბარი იყო გადასახადების შემცირებაზე, რაზეც პანდემიის პერიოდშიც დავიწყეთ საუბარი, თუმცა არაფერი იყო ხელშესახები. სერიოზული სამუშაოა, ჩვენზე გაწეული შეღავათი პირდაპირპროპორციულად აისახება რითეილზე.

გვაქვს არჩევანი რომ ან პროდუქტები გვქონდეს და გვქონდეს გაძვირებული, ან არ უნდა გვქონდეს, სპეკულირება იქნება და გაცილებით ძვირი ეღირება. რაც უფრო მეტი ვიქნებით ბაზარზე, მით უფრო მეტი კონკურენცია და ჯანსაღი დამოკიდებულება იქნება.“ - განაცხადა ივა ჭყონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები