ქვეშეთი-კობის უნიკალური გვირაბის 5 კილომეტრი უკვე გაჭრილია, - ინფორმაცია აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
„უკვე 5 კმ-ზეა გაჭრილი უნიკალური ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი 15 მეტრი დიამეტრის უწყვეტი საავტომობილო გვირაბი, რომელიც წარმოადგენს კომპლექსურ პასუხს ყველა იმ მრავალწლიან გამოწვევაზე, რომელიც უკავშირდება კლიმატური პირობების გამო ხანგრძლივად ჩაკეტილ გზას, ადგილობრივი მოსახლეობის ელემენტარულ საჭიროებებზე შეზღუდულ წვდომას და მრავალ სხვა პრობლემას. პროექტზე მუშაობა ინტენსიურად გაგრძელდება 2023 წელს, რომლის დასრულებაც 2024 წელს არის დაგეგმილი“, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, ქვეშეთი-კობის 9 კმ-ის სიგრძის და 15 მეტრი დიამეტრის უწყვეტი გვირაბის კლდოვან ქანებში მშენებლობის სამუშაოები 2021 წლის მაისში დაიწყო. გვირაბის გაყვანა პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული გვირაბგამყვანი მანქანით - TBM-ით (Tunnel Boring Machine) ხდება.
ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში აშენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი და 5 გვირაბი. მათ შორის, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი, რომლის ბურღვა კლდოვან ქანებში მიმდინარეობს, საქართველოში ყველაზე დიდი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. ახალი 23 კმ-იანი გზა მანძილს 11 კმ-ით შეამცირებს, ხოლო გზის გავლას 1 საათის ნაცვლად 15 წუთი დასჭირდება. გზის დაახლოებით 70%-ს ექნება დამატებითი ზოლი.
აშენდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზაც. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებულ მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც, მათ შორის, ადგილობრივი გზების მშენებლობითა და არსებული ძველი სოფლის გზების განახლებით ახალი სატრანსპორტო ქსელის შექმნას და ტურისტული ცენტრის მშენებლობას.