მზის ელექტროსადგურების პროექტების განმახორციელებელი კომპანია "ჰელიოს ენერჯის" დამფუძნებლის თორნიკე დარჯანიას შეფასებით, საქართველოში მზის ენერგიაზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში 2-3-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ მან თბილისში, ენერგეტიკული კონფერენცია Renewable Georgia 2022-ზე დასწრებისას BM.GE-სთან განაცხადა.
მისი თქმით, "ჰელიოს ენერჯი" იმდენად დაიტვირთა, რომ საზღვარგარეთის ელექტროპანელების პროექტებს, რომლის შესრულებაზეც მოთხოვნა არის, ვერ ემსახურება.
„საქართველოში მზის პანელებზე მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია. თითქმის ყველა საწარმო მზის ენერგიაზე გადასვლას ფიქრობს. მოთხოვნა 2-3-ჯერ გაიზარდა. ჩემი ინფორმაციით, ქვეყანაში ჯამური დაყენებული სიმძლავრე 22 მგვტ-მდეა და ეს რიცხვი მზარდია. საწარმოები, სასტუმროები საკუთარი გენერაციის წყაროების შექმნას ცდილობენ.
მზის ელექტროსადგურის მოწყობისთვის საჭირო ინვესტიციები საკმაოდ მოცულობითია, თუმცა კომერციული ბანკების მხრიდან დაკრედიტება საკმაოდ აქტიურია. უკუგების პერიოდი კი 5 წლამდე შემცირდა, რაც ფანტასტიკური მაჩვენებელია იქიდან გამომდინარე, რომ მზის ელექტროსადგურის მოქმედების რესურსი 20-25 წელია. ანუ 5 წელიწადში ჩადებულ ინვესტიციას ინვესტორი უკან იღებს და შემდეგ მოგებაზე გადის, რა დროსაც უფასო ელექტროენერგიას მოიხმარს“, - ამბობს „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელი.
თორნიკე დარჯანიას თქმით, რუსეთ-უკრაინის ომმა ევროპაში განახლებად ენერგიაზე მოთხოვნა გაზარდა. დღეისთვის „ჰელიოს ენერჯის“ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მზის პანელების დაყენების შეთავაზება აქვთ, თუმცა ამ პროექტებს ვერ ემსახურებიან.
„3 კვირის წინ მიუნხენში განახლებადი ენერგიების საერთაშორისო გამოფენაზე ვიყავით და შევხდით კომპანიებს. როდესაც მათ გაიგეს, რომ მზის ელექტროსადგურების მშენებელი კომპანია ვართ, პოლონეთსა და გერმანიაში ელექტროსადგურების აშენება გვთხოვეს. ევროპაში კვალიფიციურ მუშახელზე მოთხოვნა დიდია. თუმცა საქართველოში იმდენი პროექტი გვაქვს გასაკეთებელი, რომ პოლონეთსა და გერმანიაში პროექტების განხორციელებისთვის დრო არ გვრჩება.
ევროპაში მზის ელექტროსადგურებზე და შემნახველ სააკუმულატორო სისტემებზე მოთხოვნა გაზრდილია, რაც ომისგან არის გამოწვეული. ომი ცუდია, თუმცა ეს ყველაფერი განახლებადი ენერგიების განვითარებას უწყობს ხელს“, - განაცხადა თორნიკე დარჯანიამ და დასძინა რომ „ჰელიოს ენერჯი“ ენერგო პროექტებს გერმანელ პარტნიორებთან ერთად გერმანიაში ადრეც ახორციელებდა და მომავალშიც გეგმავს.