რა არის კადრების დეფიციტის პრობლემის საფუძველი? - ამ კითხვაზე პასუხი BMG-ს გადაცემა, #BMGDRIVE-ში “ფინტექ ასოციაციის” თავმჯდომარემ დავით კიკვიძემ გასცა. ის ამ პრობლემაში, მთავარ ამოსავალ წერტილად განათლების სექტორს მიიჩნევს.
“განათლების ხარისხი თავიდან ბოლომდე შესაცვლელია. სამწუხაროდ, ლექტორების უმრავლესობა ორიენტირებულია იმაზე, რომ ლექციაზე შევიდეს ჩაატაროს და გამოვიდეს. აქ თეორიული ინფორმაციის გადაცემაზე საუბარი აღარ არის. აქ საუბარია გამოცდილებებზე დაფუძნებული ლექციების კითხვაზე, სტუდენტისთვის მოტივაციის შექმნაზე რომ მან უბრალოდ ისწავლოს. ყველა ყოფილი სტუდენტი ამბობს, რომ უნივერსიტეტებში განათლება არ მიმიღია. ყველაფერი პრაქტიკიდან ვისწავლე და აქ უკვე პრობლემაა, რადგან ჩვენი განათლების სექტორი ბაზისსაც კი არ იძლევა სტუდენტებისთვის, რომ პრაქტიკაში მიღებული განათლების გამოყენება შეძლონ.” - აღნიშნა დავით კიკვიძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფოს, უნივერსიტეტების და კერძო სექტორის ამ პრობლემაში ერთიანი ჩართულობაა საჭირო.
“უნივერსიტეტები სიღრმისეულ კვლევებს შრომის ბაზარზე არ ატარებენ და რა ტიპის მოთხოვნებია დღეს ბაზარზე ამაზე უნივერსიტეტებს კვლევა არ აქვთ. უნივერსიტეტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები კომუნიკაციაში უნდა იყვნენ ერთმანეთთან, რათა გაიგონ რეალურად რა სჭირდება დამსაქმებელს, ბიზნესს. როცა სტუდენტი ხედავს, იმას, რომ განათლების დონე არ არის ის რაც მისი წარმატების გარანტია იქნება, ის უკვე დავალებას მინიმუმ იმ დონემდე აკეთებს, რომ ნიშანი მიიღოს და უნივერსიტეტი დაამთავროს. ეს მიდგომა კი რაც საბოლოო ჯამში ბაზარზე არაკვალიფიციური კადრის ინსტიტუტს ქმნის.” - განმარტა კიკვიძემ.