მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ფორმულას სთავაზობს სამშობლოდან წასული რუსი ბიზნესმენი საქართველოს რუსეთთან ურთიერთობისას?

6315a4dfe0cc8
ვიქტორია მღებრიშვილი
05.09.22 18:55
11164
რუსეთში მობილური ტელეფონების უმსხვილესი საცალო ქსელის დამფუძნებელი, ემიგრაციაში მყოფი ბიზნესმენი ევგენი ჩიჩვარკინი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველომ უფრო მყარი კავშირები დასავლეთის ქვეყნებთან უნდა დაამყაროს და ამავე დროს უნდა მიიღოს ის ადამიანური რესურსი, რომელიც რუსეთიდან მიგრირებს.

Forbes Georgia-სთან ინტერვიუში გამოცემის მთავარი რედაქტორმა ემიგრაციაში მყოფ წარმატებულ ბიზნესმენს ჰკითხა: - საქართველოს 20% დღემდე ოკუპირებულია, თუმცა წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით დილემის წინაშე ვდგავართ, რადგან ერთი მხრივ, გვყავს ოკუპანტი ქვეყანა და მეორე მხრივ გვყავს ქვეყანა, რომელთანაც მრავალი მიმართულებით სავაჭრო გადაკვეთა გარდაუვლად გვექნება. არსებობს თუ არა რაიმე ოქროს შუალედი ან ფორმულა, რომელსაც ევგენი ჩიჩვარკინი, რომელსაც ძალიან კარგად ესმის რუსეთის, შემოგვთავაზებდა?

„რუსეთის რეჟიმთან მე ურთიერთობა ვერ ამეწყო. ჯერჯერობით, საქართველოს ეკონომიკა ძალიან ძლიერი ვერ არის. იგი უფრო ძლიერია, ვიდრე 2003 წლის რევოლუციამდე, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე იყო. კურსი აღებული იყო ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და ეკონომიკის თავისუფლებისთვის: ადამიანური პოტენციალის, ადამიანური ტალანტის გამოყენება ეკონომიკაში, და არა რაიმე სხვა ტიპის უცნაურ შეთანხმებებსა და კორუფციაზე, როგორც ადრე იყო დაფუძნებული.

მე ძალებს მივმართავდი შეერთებულ შტატებისკენ, დიდი ბრიტანეთისკენ, რომელიც ახლახან გამოვიდა ევროკავშირიდან, მეტად ახლო მეგობრობაზე, რათა რაც შეიძლება ახლოს ვყოფილიყავი დასავლეთის ძლიერ ქვეყნებთან. მწვანე შუქს ავუნთებდი ყველა რუსს, ვისაც ჩამოსვლა სურს. ვხედავთ ახლა ისრაელის ჯენტრიფიკაცია როგორ ხდება. ისრაელი მის ქვეყანაში ჩასული რუსებით მოგებას ნახავს, რადგან იქ IT-სფეროს სპეციალისტები, კომერსანტები, ბიზნეს სექტორი, ხელოვნების წარმომადგენლები ჩადიან.

რაც შეეხება საქართველოს, აქ ძირითადად მიგრირებენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება სურთ, რომლებსაც პოლიციურ სახელმწიფოში ყოფნა არ სურთ. (წამყვანი: ხალხი, ვინც ხვდება, საით წავიდა რუსეთი 24 თებერვლის შემდეგ) მე მათ არ გავყრიდი. პირიქით, მწვანე შუქს ავუნთებდი, მივცემდი მუშაობის საშუალებას, გავცემდი სამუშაო ვიზებს. ბუნებრივია, ხმის მიცემის უფლებას არ მივცემდი... არავითარ შემთხვევაში! სხვა მხრივ, გავუთანაბრებდი მათ უფლებებს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისას. დაე, იმუშაონ, გადაიხადონ გადასახადები, მოიტანონ ინვესტიციები, შემოიტანონ ფული. ასევე, მივმართავდი ძალებს იქითკენ, რათა არავითარ შემთხვევაში არ ვაღიაროთ ქვეყნის დაპყრობილი ტერიტორიების რაიმე სტატუსი. ყველა კარგად ხედავს, თუ რა გაუკეთა რუსეთმა აფხაზეთს. ეს იყო სამოთხე დედამიწაზე. არავითარ შემთხვევაში არ დავნებდებოდი, ენერგიას მივმართავდი ჯერ ეკონომიკური, ხოლო შემდეგ, როდესაც ღირებულებების დაახლოება მოხდებოდა, სამხედრო კავშირისკენ, ძლიერ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან, როგორიცაა კანადა, დიდი ბრიტანეთი და რა თქმა უნდა, აშშ. იმედია, შტატების შემდეგი პრეზიდენტი უფრო ახალგაზრდა და მხნე იქნება და ყველაფერი ისე იქნება, როგორც 2008 წელს იყო, როდესაც გემი მოცურდა და რუსეთს რამდენიმე დღეში უკან გადგომა მოუწია“, - განაცხადა ევგენი ჩიჩვარკინმა Forbes Georgia-სთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, ევგენი ჩიჩვარკინი რუსული მობილური ტელეფონების უმსხვილესი საცალო ქსელის, Euroset-ის დამფუძნებელია, რის შედეგადაც იგი დაახლოებით 1.6 მილიარდი დოლარის ქონებით, რუსეთის 35-წლამდელ უმდიდრეს ადამიანად იქცა. მიუხედავად მისი სიმდიდრისა და წარმოშობისა, ჩიჩვარკინს ვერ ნახავთ პუტინის ახლობელი სანქცირებული მილიარდერების სიაში, რადგან მან ქვეყანა, უფრო ზუსტად კი რეჟიმი, არა 2022 წლის 24 თებერვლამდე, ან თუნდაც 2014 წლის თებერვალ-მარტამდე, არამედ 2008 წელს დატოვა. ინდუსტრიის ლიდერი იძულებული გახდა, თავისი კომპანია სულ რაღაც 400 მილიონ დოლარად გაეყიდა და მანქანის უკანა სავარძელში პირქვე დაწოლილს სასწრაფოდ დაეტოვებინა მშობლიური რუსეთი.

ლონდონში თავის მაღლა ასაწევად დიდი დრო არ დასჭირვებია. 2012 წელს მან დააარსა Hedonism Wines-ი, „მსოფლიოს საუკეთესო ღვინის მაღაზია“, მოგვიანებით კი 2018 წელს გახსნა მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორანი Hide-ი. დღეს ჩიჩვარკინი ბრიტანეთის პრინცებთან პოლოს თამაშობს, არის პუტინის გამოკვეთილი კრიტიკოსი, რუსეთში ძებნილი კაცი, „უცხოელი აგენტი“ და, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინელების აქტიური ფინანსური მხარდამჭერი, რომლებსაც სატვირთო მანქანებით სამედიცინო და დამცავ აღჭურვილობას უგზავნის. პოლონეთისკენ მიმავალ პირველ ჰუმანიტარულ სატვირთოს კი თავად მართავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები