აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2022 წელს მარკეტინგულ ღონისძიებებზე თითქმის 4.5 მლნ ლარი დაიხარჯება. კერძოდ, როგორც დეპარტამენტში BMG-ს განუცხადეს, წლევანდელი მარკეტინგული სტრატეგია გულისხმობს ერთი მხრივ, სამიზნე, ტრადიციული ბაზრებიდან მეტი ტურისტის მოზიდვას, მეორე მხვრივ, საიმიჯო მარკეტინგული კამპანიების წარმოებას საერთაშორისო მედიაპლატფორმების გამოყენებით.
აჭარის რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების ქვეყნის გარეთ პოპულარიზაციისა და მარკეტინგული ღონისძიებებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი 4 472 000 ლარს შეადგენს და ორ მარკეტინგულ მიდგომას ითვალისწინებს:
1. სამიზნე ქვეყნებში, სადაც რეგიონის ცნობადობა მაღალია, დადეგმილია კონკრეტული ტურისტული პროდუქტების (ზღვა, ეკოტურიზმი, ღვინო, კულინარია, სათავგადასავლო ტურიზმი, ფრინველებზე დაკვირვება, კულტურა, სპორტი და სხვა) პოზიციონირება და მარკეტინგი.
2. საიმიჯო მარკეტინგული კამპანიების წარმოება, რისი მიზანიც ბათუმის როგორც მრავალფეროვანი, სტაბილური, უსაფრთხო ტურისტული მიმართულების პოზიციენირება წარმოადგენს. ამ შემთხვევაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მარკეტინგულ არხებად იყენებს დიდ მედიაპლატფორმებს, როგორიცაა Euronews, BBC, CNN, DW და ა.შ.
ტრადიციულ ბაზრებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ისრაელს, პოლონეთს, უკრაინას, ლატვიას, ლიეტუვას, ესტონეთს გულისხმობს, სადაც როგორც აცხადებენ, იგეგმება მონაწილეობის მიღება სამიზნე ქვეყნებში დაგეგმილ ტურისტულ ბაზრობებში, ქვეყნებში პრეზენტაციებისა და შეხვედრების გამართვა ტუროპერატორებსა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან, მედია და ინფოტურების ორგანიზება და გავლენიანი ჟურნალისტების მოწვევა.
ასევე, იგეგმება მარკეტინგული კამპანიების ორგანიზება და პიარკამპანიების ჩაშვება ონლაინ პლატფორმებზეც (Google, youtube, facebook, Instagram და სამიზნე ქვეყნების შიდა პოპულარული პლატფორმები), რომლის შინაარსსაც როგორც ამბობენ, ტურიზმის დეპარტამენტი ინდივიდუალურად, ქვეყნების სპეციფიკის გათვალისწინებით ამზადებს.
რაც შეეხება საიმიჯო მარკეტინგული კამპანიების წარმოებას, სამიზნე ქვეყნები ამ შემთხვევაში გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები არიან.
“ამ შემთხვევაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მარკეტინგულ არხებად იყენებს დიდ მედია პლატფორმებს, როგორიცაა Euronews, BBC, CNN, DW, National Geographic Traveler Uk, Expedia და ასე შემდეგ. აღნიშნულ პლატფორმების პრაიმ ტაიმში ჩაეშვება რეგიონის საიმიჯო ვიდეოები, მზადდება სპეციალური გადაცემები, ფოტოკოლაჟები და სხვა სარეკლამო მასალა.
გარდა სამიზნე ბაზრებისა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გეგმავს ახალი ბაზრების კვლევის ფარგლებში უნგრეთის, ჩეხეთის, ავსტრიის და სკანდინავიის ქვეყნების ანალიზსა და საჭიროებისამებრ რიგი, საცდელი სარეკლამო აქტივობების განხორციელებას აღნიშნულ ქვეყნებში”, - აცხადებენ დეპარტამენტში.
BMG ასევე დაინტერესდა, რა ხარჯები ჰქონდა აჭარის ტურიზმის პანდემიურ 2020-2021 წლებში. დეპარტამენტის ინფორმაციით, გასულ წელს ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან მარკეტინგულ კამპანიებზე 738 067 ლარი დაიხარჯა.
“წლის პირველ სამ კვატალში ქვეყნები მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, რომ არ ემოგზაურათ. აგვისტოდან უკვე ქვეყნებმა დაიწყეს რეგულაციების შემსუბუქება და საზღვრების გახსნა. შესაბამისად, ტურიზმის დეპარტამენტმაც სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგული აქტივობები ზაფხული-შემოდგომის-ზამთრის პერიოდში განაახლა. მთავარი აქცენტი კამპანიების დაგეგმვისას კეთდებოდა იმ მიმართულებებსა და ქვეყნებზე, საიდანაც პანდემიის დროს ქვეყანაში ფრენები ხორციელდებოდა. ამავდროულად, რადგან პანდემიის დროს კონკურენცია ტურისტულ მიმართულებებს შორის კიდევ უფრო გაიზარდა, მნიშვნელოვანი იყო ბათუმის, როგორც მრავალფეროვანი, სტაბილური, უსაფრთხო ტურისტული მიმართულების პოზიციონირება და შეხსენება ჩვენი ბაზრებისთვის, ამ მიზნით ტურიზმის დეპარტამენტმა განახორციელა მარკეტინგული კამპანია Euronews-ის პრაიმთაიმში და გადაცემებში, რომელსაც 88 მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს. მიღწეულ იქნა შეთანხმება და დაიდო ხელშეკრულება World Travel Awards-ის ევროპის დაჯილდოების გალა ცერემონიის 2023 წელს ბათუმში ჩატარების თაობაზე, რაც ნიშნავს რომ 1 მილიონზე მეტ ტურიზმის სფეროში ჩართულ პირს 193 ქვეყნიდან მიეწოდა ინფორმაცია ღონისძიების შესახებ და ბათუმის, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულების შესახებ”, - აცხადებენ ტურიზმის დეპარტამენტში.
რაც შეეხება 2020 წელს, მარკეტინგულ კამპანიებზე ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან მხოლოდ 233 146 ლარი დაიხარჯა. უწყების ცნობითვე, მარკეტინგული აქტივობება მხოლოდ 20 თებერვლამდე მოახერხეს, რადგან თებერვლიდან მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში Covid 19-ის პანდემია აქტიურად გავრცელდა.