მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოცულობის უცხოური აქციები აქვს შეძენილი საპენსიო ფონდს

63c686ef38679
BM.GE
17.01.23 15:40
436
საპენსიო ფონდის მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ გადაცემა “Forbes კვირის” ეთერში 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა. გასულ წელს საპენსიო ფონდმა აქტიურად დაიწყო საერთაშორისო და ადგილობრივ ფასიან ქაღალდებში ინვესტირება. მელიქიძის განმარტებით, მათ თავდაპირველად ფონდის მოცულობის დაახლოებით 20%-ით უცხოური ვალუტა იყიდეს, რის შემდეგაც თანხა უცხოურ აქციებში დააბანდეს, თუმცა მას შემდეგ რაც გლობალურ საფონდო ბირჟაზე ვარდნა დაიწყო, ფონდმა აქციებში საკუთარი წილი შეამცირა.

“ჩვენ როდესაც დავიწყეთ გლობალური აქციების ყიდვა, დავინახეთ, რომ დაბლა მოდიოდნენ. მნიშვნელოვანი ვოლატილობაა გლობალურ ბაზრებზე. შარშან აქტიურად ვყიდულობდით აქციებს. ბროკერად JP Morgan-ი შევარჩიეთ, როდესაც დავინახეთ რომ საფონდო ბირჟა დაბლა მოდიოდა, გავჩერდით.

ერთია სტრატეგია რას იძახის და მეორე ტაქტიკურად არ იყო გამართლებული და რაც დოლარში გვქონდა ნაყიდი, გადავიტანეთ აშშ სახაზინო ბონდებში,”- განაცხადა გოგა მელიქიძემ.

ამჟამად საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივები 2.97 მილიარდ ლარს შეადგენს. თანხის 61% სადეპოზიტო სერტიფიკატებში; საქართველოს 16% სახაზინო ობლიგაციებში; 10% უცხოურ სახაზინო ობლიგაციებში; 8% საერთაშორისო აქციებში არის განთავსებული.

გოგა მელიქიძის განცხადებით, ქართული აქტივების პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ადგილობრივ ბაზარზე დაბალი ლიკვიდობაა.

“კანონის თანახმად, ჩვენ შეგვიძლია 80% გვქონდეს საქართველოში; 20% უცხოეთში. საქართველოს ბაზრებს რომ შევხედოთ, ფინანსურ ბაზრებში წამყვანია დეპოზიტების ბაზარი. ქვეყანაში დაახლოებით 24 მილიარდი ლარის დეპოზიტების ბაზარია, რომელიც მუდამ მზარდია. აქედან თითქმის ნახევარი არის ფიზიკური პირების, დანარჩენი იურიდიული პირების. ამის მიუხედავად, აქ მეორადი ბაზარი არ არსებობს. ანუ ვერ იყიდი და ვერ გაყიდი დეპოზიტის პორტფელს. ჩვენ პორტფელში 65% არის საბანკო დეპოზიტების. საშუალოდ არის 12%-ში განთავსებული. საშუალო ვადიანობა არის 2.5 წელი.

დეპოზიტების ბაზრის შემდეგ, მეორე ადგილზეა სახაზინო ობლიგაციების ბაზარი, რომლის ზომაც 6.5 მილიარდი ლარია. ნეტ გამოშვება დაახლოებით მილიარდი ლარია ყოველწლიურად. იმის მიუხედავად, რომ ეს ბაზარი არის დიდი ზომის, აქაც ლიკვიდურობა თითქმის მკვდარია. ჩვენ რომ მოგვინდეს სახაზინოების გაყიდვა, ისევ ბანკებს უნდა ველაპარაკოთ,”- განაცხადა გოგა მელიქიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები