მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოდელით გეგმავს მთავრობა PPA მექანიზმის აღდგენას?

6298cd74beeec
ელენე გოგბერაშვილი
02.06.22 19:30
1093
კერძო სექტორის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ანუ PPA მექანიზმის დაბრუნებაზე მუშაობს - ამ მექანიზმის გამოყენებით სახელმწიფო ინვესტორ კომპანიას ფინანსურ რისკებს უზღვევდა, რადგან იღებდა გარანტიას, რომ ჰესის აშენების შემდეგ წინასწარ დადგენილ თანხად შეიძენდა ელექტროენერგიას, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ფინანსური რისკებიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობას მსგავსი მემორანდუმების გაფორმების რეკომენდაცია არ მისცა.

სწორედ IMF-ის რეკომენდაციით, 2017 წლიდან სახელმწიფოს ენერგეტიკული პროექტების ინვესტორებთან PPA მემორანდუმების გაფორმება შეზღუდული აქვს. ჯერ მთავრობას ოფიციალურად არ განუცხადებია, რა ფორმით აპირებენ ამ მექანიზმის დაბრუნებას, თუმცა კერძო სექტორის ინფორმაციით, საუბარია აქამდე მოქმედი მოდელის შუალედური სქემის აღდგენაზე.

“დღეს მთავარი გამოწვევა ინვესტორებისთვის რაც არის, არის იმის გამოცნობა, რა შეიძლება იყოს ელექტროენერგიის ფასი ხვალ? იცით, რომ ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმაა ინიცირებული და დღე-დღეზე უნდა გაიხსნას საათობრივი ვაჭრობის ბაზარი, მაგრამ მაინც ბევრი კითხვის ნიშანია ამ ბაზრის მიმართ, განსაკუთრებით: რა შეიძლება იყოს, ძირითადი ფასის მამოძრავებელი, ამიტომ ნებისმიერი დეველოპერისთვის ან ანალიტიკოსთვის რთულია იმის გამოცნობა, რა ფასი იქნება ხვალ ახალ ბაზარზე, მითუმეტეს როდესაც პროგნოზი უნდა გააკეთო, 5-10-20 წლის პერიოდში, რადგან ეს პროექტები ყველა გრძელვადიანად უყურებს ინვესტიციას.

გამოწვევად მათთვის რჩებოდა, ამ ფასის გამოცნობის პრობლემა. როგორც ვიცი, ძირითადად ყველა მომხრეა, ბაზარი გაიხსნას და იყოს თავისუფალი ფასი, თუმცა სანამ ცნობილი გახდება ის ძირითადი ფაქტორები, რითიც დგინდება ფასი, იქამდე ურჩევნიათ, რაღაც მექანიზმი ჰქონდეთ, რომ მათი შემოსავალი დაცული იყოს.

ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია გააკეთოს თავისი შემოსავლის სწორი პროგნოზი, რამეთუ ბაზრის დღევანდელი მოცემულობით, პროგნოზის გაკეთება უჭირთ, მათ ურჩევნიათ ჰქონდეთ გარანტირებული ხელშეკრულება ვინმესთან, იქნება ეს პირდაპირი მომხმარებელი თუ სახელმწიფო... რა თქმა უნდა სახელმწიფო უფრო მყარო შემსყიდველია და ინვესტორს ურჩევნია მყარი შემსყიდველი. როგორც ვიცი, განიხილება რაღაც შუალედური სქემის დაბრუნება მოკლევადიანი პერიოდით, მცირე პერიოდი უფრო მყარი გარანტიებით და შემდეგ მცოცავით.

ვნახოთ რა სქემაზე შეთანხმდებიან. ვიცით, რომ მთავრობა ემუშავება ინვესტორებს, რომ რაღაც მექანიზმი შემოიღონ, რადგან ინვესტორების მიერ დიდი ინტერესი და მოთხოვნაა. ჩემი აზრით, სანამ ბაზრის ფასის პროგნოზის სწორად გაკეთების საშუალება გვექნება იმისთვის, რომ არ შეჩერდეს ინვესტიციები, კარგი იქნება მოკლევადიანი წახალისების სქემა არსებობდეს,“-აცხადებს Galt&Tagart-ის უფროსი ანალიტიკოსი, მარიამ ჩახვაშვილი.

ე.წ PPA მექანიზმის მოკლევადიანი პერიოდით ამოქმედებას ემხრობა ენერგეტიკის დარგის ექსპერტი პაატა ცინცაძეც, თუმცა მისი შეფასებით, ის ნებისმიერი ენერგეტიკული პროექტის შემთხვევაში არ უნდა მოქმედებდეს.

„ის, რომ კონკურენტულ ბაზარს ვქმნით, ძალიან კარგია და ეს ადრე თუ გვიან უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ ნებისმიერი სიახლეს ჯერ დანერგვა სჭირდება და შემდეგ ინვესტორების მხრიდან ნდობა უნდა გაჩნდეს ამ ბაზრის მიმართ. ამ პერიოდში ალბათ წარმოუდგენელია ინვესტორი, რომელიც გუშინ შექმნილ ბაზარზე დღეს გააკეთებს მსხვილ ინვესტიციას, ამიტომ ამ გარდამავალ პერიოდში ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს 3-დან 5 წლამდე, უნდა აღდგეს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები. პარალელურად უნდა გაიხსნას ბაზარი და თუ ამ ბაზარმა ავტორიტეტი შექმნა და ნდობა გაუჩნდათ ინვესტორებს ამ ბაზრის მიმართ, რა თქმა უნდა მერე ყველა გადავა ბაზარზე, მაგრამ იმისათვის, რომ ეს ჩავარდნა გავასწოროთ, გარანტირებული ხელშეკრულებების ამოქმედება აუცილებელია. მაგრამ PPA არ უნდა გაფორმდეს ყველგან ერთნაირად, აქ პრიორიტეტები უნდა ჩამოიწეროს, რა გვჭირდება პირველ რიგში, რომელს უნდა შევუწყოთ პირველ რიგში ხელი. ჩემი აზრით, ასეთები უნდა იყოს პირველ რიგში წყალსაცავიანი სადგურები. მათთვის ასეთი ხელშეწყობის გარეშე მშენებლობა წარმოუდგენლად რთული იქნება,“-განმარტავს ცინცაძე.

საბოლოოდ რა მოდელზე შეჯერდება მთავრობა, უცნობია. განახლებადი ენერგიების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ ენერგეტიკის სექტორში ინვესტორების წახალისების მექანიზმს მთავრობა მალე დააანონსებს.

„მე რა ინფორმაციაც მაქვს, ეს იქნება ცოტათი გაუმჯობესებული პირობა, ამ ხელშეწყობის ინსტრუმენტისა, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების კუთხით, თუმცა ბოლომდე დეტალებს არ ვფლობ, ალბათ სწორი იქნება მთავრობამ თვითონ დაანონსოს. ერთი, რაც ვიცი ზაფხულის ბოლომდე ამის დაანონსება მოხდება და დაბრუნდება ხელშეწყობის ეს ინსტრუმენტი,“-აცხადებს გიორგი აბრამიშვილი.

სავარაუდოდ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 4 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში სწორედ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების აღდგენას გულისხმობდა, როცა თქვა, რომ უნდა დაჩქარდეს ტემპი და რაც შეიძლება მეტი ჰესი აშენდეს ქვეყანაში. ამავე დღეს მთავრობის მეთაური ბიზნესს კონკრეტული მოდელის შესახებ პრეზენტაციას აპრილის თვეშივე დაპირდა, თუმცა რა ხედვა აქვს მთავრობას და როგორ აპირებს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოზიდვას, ჯერ ფაქტია, ცხადი არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები