პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ დღის წესრიგში დგას მიმდინარე წლის აკადემიურ წლად გამოცხადების საკითხი, BM.GE უნივერსიტეტებს დაუკავშირდა, რათა გაეგო, თუ რა პოზიცია აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით და რამდენად მზად არიან იმ შემთხვევისთვის, თუ მთლიანი სემესტრი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
“ჩვენ ამ ეტაპზე არც განვიხილავთ აკადემიურ წლად გამოცხადების საკითხს”,- აღნიშნავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის PR მენეჯერი ნანა მამაგულიშვილი. მისი თქმით, უკვე რამდენიმე დღეა თსუ-ში დისტანციური სწავლება მიმდინარეობს.
“შეფასების სისტემაზე ჯერჯერობით საბოლოოდ არ ჩამოვყალიბებულვართ, ჩვენთან 7 ფაკულტეტია და ამის შესახებ ყველას სხვადასხვა მოსაზრება აქვს. რამდენიმე დღეში შევთანხმდებით და შედეგებს სტუდენტებს გავაცნობთ”,- აცხადებს მამაგულიშვილი. მისივე ინფორმაციით, იმ სტუდენტებს, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან ან არ აქვთ შესაბამისი მოწყობილობები, ლექტორები მათ ინდივიდუალურ კონსულტაციებს ჩაუტარებენ.
BM.GE დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის PR მენეჯერს მედეა წივწივაძესაც ესაუბრა.
“სტუდენტებს, რა თქმა უნდა, ურჩევნიათ ჩვეულ რეჟიმში აღდგეს სასწავლო პროცესი, რადგან მათთვის პირადი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ რადგან ამ ეტაპზე ეს ვერ ხერხდება, ჩვენი უნივერსიტეტი მაქსიმალურად მზად არის არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს. ჩვენ დაველოდებით სახელმწიფოს გადაწყვეტილებას და მის შესაბამისად ვიმოქმედებთ”,- აცხადებს წივწივაძე.
მიმდინარე წლის აკადემიურ წლად გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით საუბარზე უარს აცხადებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის PR მენეჯერი ბექა კოკაია. “ვარაუდებით საუბარი სტუდენტებში პანიკას გამოიწვევს. ამიტომ დაველოდებით მთავრობის გადაწყვეტილებას და მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს”,- აცხადებს უნივერსიტეტის PR მენეჯერი. კოკაია იმასაც აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტისთვის სემესტრის “ჩაგდება” კარგი არ იქნება.