მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საკითხები თანხმდება სახელმწიფოსთან „ბორჯომის“ სამეთვალყურეო საბჭოში და რა მიზნით?

637b6b7605282
ვიქტორია მღებრიშვილი
21.11.22 16:32
552
„სახელმწიფო ერთი მხრივ, „ბორჯომის“ პრობლემების მოგვარებაში და მეორე მხრივ, „ბორჯომის“ გრძელვადიანი განვითარების კუთხით აქტიურად არის ჩართული“, - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფომ „ბორჯომის“ დირექტორთა საბჭოში გიორგი მაისურაძე დანიშნა, რომელსაც ამ კუთხით დიდი გამოცდილება აქვს. მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო არ ერთვება საოპერაციო საკითხებში, თუმცა ისეთ საკითხებს აგვარებს, რომელიც ბრენდის საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებას უწყობს ხელს.

მინისტრმა სახელმწიფოსთან შესათანხმებელი საკითხების მიზნობრიობაც განმარტა. 

„ბორჯომს ჰქონდა კონკრეტული გამოწვევები, რაც სანქცირებასთან იყო დაკავშირებული. განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, რომელიც ძირითად მარეგულირებლებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან იყო შეთანხმებული, კომპანიამ ძირითად ბაზრებზე ოპერირების აღდგენა მოახერხა. დღეს ის სრულად ფუნქციონირებს საქართველოში და იმ საექსპორტო ბაზრებზე, სადაც პრობლემები ჰქონდა შექმნილი, თუმცა გრძელვადიანი რესტრუქტურიზაცია ჰოლდინგური კომპანიის დღის წესრიგშია. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ კომპანიის სტრუქტურა იყოს ადეკვატური, მოქნილი და მეტად პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რომელიც დღევანდელი მდგომარეობიდან შეიქმნა.

ეს პროცესი მიმდინარეობს და მართვაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება, თუმცა ოპერატიულ მართვაში ჩართულები არ ვართ. ამას კომპანიის დაქირავებული ხელმძღვანელობა ახორციელებს, მაგრამ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებები სხვა აქციონერებთან ერთად სახელმწიფოსთანაც თანხმდება. თუმცა ეს ხდება ერთადერთი მიზნიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ბორჯომის სტრატეგიული ბრენდის ინტერესები კიდევ უფრო მეტად დავიცვათ და კიდევ უფრო ძლიერად იყოს ბორჯომი როგორც ბრენდი საერთაშორისო ბაზრებზე წარმოდგენილი; მეორე, ბორჯომში დასაქმებული მოქალაქეების ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: 13 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში „უსასყიდლოდ „ბორჯომის“ მმართველ კომპანია RISSA INVESTMENT LIMITED-ის 7.73%-იანი წილი გადაეცა. შედეგად, კომპანიაში სანქცირებული რუსი ოლიგარქის მიხაილ ფრიდმანის აქციათა პაკეტი 57.72%-დან 49% მდე შემცირდა. ოფიციალური წყაროების თანახმად, სააქციო პაკეტთან ერთად, სახელმწიფო დირექტორთა საბჭოში ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით არის წარმოდგენილი, რომელიც ასევე დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელია და მას წარმმართველი როლი აქვს. ეკონომიკის მინისტრის ივლისში გაკეთებული განცხადების მიხედვით, სახელმწიფოს მიერ ბორჯომში დანიშნული პირი დამოუკიდებელი კანდიდატი უნდა ყოფილიყო, მისი შერჩევისას გადაწყვეტილება კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისად უნდა მიღებულიყო. 

ვიცე-პრემიერის და ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განმარტებით, გარიგება, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო შედის, ორი დოკუმენტისგან შედგება: „ეს არის კომპანია ERASMONY LIMITED-ის საკუთრებაში არსებული „ბორჯომის“ მმართველი კომპანია RISSA INVESTMENT LIMITED-ის 1,104 (7.73%) ხმის უფლების მქონე აქციის საქართველოს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემის თაობაზე ხელშეკრულება, მეორე გარიგების მიხედვით კი, რეგულირდება კონკრეტული ურთიერთობები პარტნიორთა შორის პარტნიორთა შეთანხმებაში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები