მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალი აქვს საქართველოში ღვინის და ბრენდის უმსხვილეს მწარმოებელ ჯგუფს

63f8a5248e4c8
შოთა ტყეშელაშვილი
25.02.23 00:05
1632
2022 წელს საქართველოდან 148 მილიონი დოლარის ღირებულების სპირტიანი სასმელების და 252 მილიონი დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა. მთლიანობაში ალკოჰოლური სასმელების სექტორმა საქართველოს რეკორდული 400 მილიონი დოლარის საექსპორტო შემოსავალი მოუტანა.

ჯერჯერობით კომპანიების 2022 წლის შედეგები საჯაროდ ცნობილი არაა, თუმცა გამოქვეყნებულია ღვინის და სპირტიანი სასმელების უმსხვილესი მწარმოებლების 2021 წლის ფინანსური შედეგები. მათი მიხედვით, ჯგუფი, რომელმაც ყველაზე დიდი შემოსავალი მიიღო, არის Bolero & Company-ის ჰოლდინგი.

2021 წელს ამ ჯგუფში შემავალი კომპანიების საერთო შემოსავალმა 157 მილიონი ლარი შეადგინა. უფრო კონკრეტულად კი ამ ჯგუფში შემავალი კომპანიების შედეგები ასე ნაწილდება:

● შპს “BOLERO & COMPANY” - შემოსავალი 2021 წელს 78,347,905 ლარი, წმინდა მოგება 22,898,790 ლარი;
● შპს „კ და ქართული სპირტი“ - შემოსავალი 2021 წელს 68,729,036 ლარი, წმინდა მოგება 17,305,541 ლარი;
● შპს „უნივერსალ სპირიტს“ - შემოსავალი 2021 წელს 9,846,215 ლარი, წმინდა მოგება 273,957 ლარი.

“შპს Bolero & Company ჯგუფი წარმოადგენს საქართველოში უმსხვილეს სავაჭრო სამრეწველო ჯგუფის ნაწილს, რომელშიც ასევე შედიან საერთო მფლობელობაში მყოფი კომპანიები: შპს "კ და ქართული სპირტი", შპს „უნივერსალ სპირტი“ და ფოთის პორტის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სასაწყობო ტერმინალი/ტერიტორია. ერთობლივად, საწარმოთა ჯგუფი ამუშავებს საქართველოში მოყვანილ ყურძნის ნახევარზე მეტს.

ჯგუფის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, ავსტრია, პოლონეთი, ჩინეთი და ა.შ.. ყველაზე ცნობილი სავაჭრო ნიშნებია - დავით ივერიელი, ბეთანელი, დაისი, ბერიკონი, ტალავარი, იორელი, მირონი და სხვა. Bolero & Company ასევე აწარმოებს 3 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს, როგორიცაა წინანდალი, ქინძმარაული, მუკუზანი. ასევე ბრენდის - არაგვი, ვარციხე, გრემი,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, უშუალოდ “BOLERO & COMPANY”-ის აქტივების მოცულობა 213 მილიონ ლარს, ხოლო კომპანია შპს „კ და ქართული სპირტის“ აქტივების მოცულობა 85 მილიონ ლარს შეადგენს.

მმართველობითი ანგარიშის მიხედვით, “ბოლეროს” 100%-იან წილს ბიზნესმენი ვახტანგ კარიჭაშვილი ფლობს. მასვე ეკუთვნის კომპანია „კ და ქართული სპირტის“ 80%-იანი წილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები