ქართული სატვირთო ავიაგადამზიდავი კომპანია „EASY Charter“-ის დირექტორის რატი ძერიას განცხადებით, პანდემიის პერიოდი საავიაციო გადაზიდვებისთვის კარგი პერიოდი აღმოჩნდა.
როგორც კომპანიის დირექტორი BM.GE-ისთან საუბრისას განმარტავს, ამ პერიოდში დატვირთვა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა სატვირთო ავიაკომპანიები ბაზარზე არსებულ პოტენციალს სრულად მაინც ვერ ითვისებენ.
„ავიაგადაზიდვების დროს გამოწვევებს ყოველდღიურად ვაწყდებით, თუმცა ეს გადაწყვეტადი გამოწვევებია.
ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ყველაზე ნეგატიური გავლენა იქონია, სატვირთო, განსაკუთრებით საავიაციო გადაზიდვებისთვის ეს აღმოჩნდა კარგი პერიოდი, ვინაიდან პრაქტიკულად გაჩერდა ყველა სამგზავრო რეისი და ის ტვირთები, რომლებიც ამ რეისებით დადიოდა, ვეღარ იგზავნებოდა; ამასთან შეფერხდა სახმელეთო გადაზიდვები და ყველაფერი საჰაერო ტვირთების გადაზიდვებზე გადავიდა, ეს დიდად გამოსაყენებლი ფაქტორია. ამის გათვალისწინებით სატვირთო ავიაგადაზიდვების დატვირთვა გასამმაგდა, მაგრამ პრაქტიკულად ნებისმიერი სატვირთო ავიაკომპანია 10%-ით არის დატვირთული, აქედან გამომდინარე, ძალიან ძნელია იმის თქმა, რამდენად მოიმატა, იმიტომ რომ არის გარკვეული შესაძლებლობა,რომლის იქითაც ვერ მივდივართ და ვერ ვაკმაყოფილებთ იმ ბაზარს, რაც პოტენციურად არის“, - განაცხადა რატი ძერიამ.
ცნობისთვის, ავიაგადამზიდავი კომპანია EASY Charter საკუთარი თვითმფრინავით საქართველოში 2020 წლის თებერვლის შემდეგ შემოვიდა, თუმცა კომპანიის დირექტორის თქმით, გუნდს აღნიშნული მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. EASY Charter-ის საკუთრებაში არის ერთი თვითმფრინავი Airbus A300B4-203 საჰაერო ხომალდი, რომელსაც უფლება აქვს 5700 კგ-ზე ზევით მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის კომერციული ექსპლუატაცია განახორციელოს.