მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ტიპის დავა არსებობს ბათუმის მერიასა და „სითი ინსტიტუტს“ შორის?

6368e956f2acb
თათია ჩაფიჩაძე
07.11.22 23:40
405
ბათუმის ბიუჯეტში ბოლოს შესული ცვლილების თანახმად, 620 000 ლარი, რომელიც სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტის (გენგეგმის ნაწილის) შემუშავებისთვის იყო გათვალისწინებული, მომავალი წლის ბიუჯეტში გადაიტანეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმის მერია და შემსრულებელი კომპანია სითი ინსტიტუტის სახით, სასამართლოში დავობენ – მიზეზი კი ვადების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოა. პირგასამტეხლოს დაკისრების აქტი მერიამ მიმწოდებელი კომპანიის – „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წინააღმდეგ მეორე ეტაპის დოკუმენტების შეთანხმებულ ვადაში ჩაუბარებლობის გამო გამოსცა.

კომპანიის დირექტორი მამუკა სალუქვაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განმარტა, რომ დავის მიზეზი ხელშეკრულებაში კონკრეტული მუხლის ინტერპრეტაცია გახდა, რის გამოც ახლა იმის გარკვევა სასამართლოში ხდება, რამდენად მისი შინაარსი მოდავე მხარეებს სწორად ესმით. 

ხომ არ გაჭიანურდება გენგეგმაზე მუშაობა და რა ეტაპზეა სამუშაოები? - ამ კითხვაზე სალუქვაძე ამბობს, რომ დოკუმენტის ძირითადი ნაწილი მზად 2023 წლის შემოდგომაზე იქნება.

„ახლა ხედვის დოკუმენტზე ვმუშაობთ. პირველი ნაწილი ჩაბარებულია, შემდგ მერიასთან ერთად მოხდება ხედვის შეჯერება. ამის შემდეგი ეტაპი იქნება კონცეფცია და ამას დაეყრდნობა საბოლოო დოკუმენტი. ხელშეკრულება აპრილამდეა დადებული. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გარკვეული გაგრძელება შესაძლებელია თუმცა ჩვენ მკაცრად გვაქვს განსაზღვრული ლიმიტირებული პერიოდი, რომ გადავაცილოთ დაჯარიმება მოჰყვება ამას და აქედან გამომდინარე ჩვენს ინტერესებშია დროული ჩაბარება.

სამუშაო პროცესის მიხედვით ხდება ჩვენი მხრიდან დოკუმენტების წარდგენა, შემდეგ ამას მერია 1.5 თვეში განიხილავს და გარკვეული რეკომენდაციებით გვიბრუნდება. შეუძლებელია იქიდან არ მოდიოდეს ეს რეკომენდაციები, სწორედ ამან გამოიწვია ჩვენს შორის აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენ ჩავთვალეთ რომ ხელშეკრულებაში არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული ერთ-ერთი მუხლი, რომელიც პრინციპული საკითხია და ჩვენ ეს სასამართლოში გავუშვით, მერიამ შემდეგ სააპელაციოში გაასაჩივრა და ეს პროცესი მიდის ახლა, თუმცა ეს პროცესზე გავლენას არ ახდენს. სულ ექვსი ეტაპია, მესამ ეტაპი ახლა სრულდება. ვფიქრობ, 2023 წლის შემოდგომამდე პროცესები ისე იქნება, რომ ბევრ რაღაცაზე გვექნება სალაპარაკო,“ - განაცხადა სალუქვაძემ.

ინფორმაციისთვის: მერია დოკუმენტის მომზადებაში ჯამში 2 მილიონ 495 700 ლარს გადაიხდის, თანხა კომპანიას, ეტაპობრივად, ჩაბარებული დოკუმენტების შესაბამისად ერიცხება. ამ ეტაპზე ბათუმის მერიას შესრულებული სამუშაოსთვის 898 452 ლარი აქვს გადახდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები