მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა იცოდეს შუამავალმა კომპანიამ, რომელიც უცხოეთში ქართველებს ასაქმებს? - ცვლილებები

63ea14a5aab51
ინგა მურუსიძე
13.02.23 14:54
610
საქართველოს პარლამენტი შრომით ემიგრაციას დაარეგულირებს. ცვლილებები შედის მიგრაციის შესახებ კანონში, რომლის თანახმად, შუამავალ კომპანიებს ჯანდაცვის სამინისტროს ფარგლებში სერტიფიცირების გავლა მოუწევთ.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ემიგრაციის აღრიცხვის გამართული სისტემის არარსებობის გამო, სტატისტიკური მონაცემები საქართველოდან შრომითი ემიგრანტების შესახებ არ არის სრულყოფილი.

„ემიგრაციის მასშტაბისა და საზღვარგარეთ წასვლის ძირითადი მოტივების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ემიგრაცია საქართველოდან უპირატესად საზღვარგარეთ დასაქმების მოტივთან ასოცირდება. ამასთან, პოტენციური შრომითი ემიგრანტების დიდი ნაწილი სარგებლობს შუამავალი ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურებით, რომელთა კომპეტენციასა და მომსახურების ხარისხზე პასუხისმგებელი არავინაა. შედეგად საკმაოდ ხშირია სამუშაოს მაძიებლების მოტყუებისა და/ან მათი უფლებების დარღვევის შემთხვევები, რასაც ადასტურებს ამ სფეროში ჩატარებული კვლევების შედეგები.

ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს შრომითი ემიგრაციის სფეროში მოქმედი შუამავალი ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობის მარეგულირებელი ქმედითი მექანიზმების არარსებობა. შედეგად, საკმაოდ ბევრია ისეთი საშუამავლო ფიზიკური და იურიდიული პირების რაოდენობა, რომლებიც ხშირად უკანონო საშუამავლო მომსახურებას ეწევიან. ასეთი სუბიექტები საზღვარგარეთ დასაქმების მსურველ პირებს, საკმაოდ მაღალი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, სთავაზობენ უხარისხო სერვისს, აწვდიან არასწორ ინფორმაციას, შედიან ყალბ გარიგებებში და ხელს უწყობენ საზღვარგარეთ არალეგალურ დასაქმებას, რაც, სხვათა შორის, ართულებს მიგრანტთა სამშობლოში დაბრუნების პროცესსაც.

პრობლემის მასშტაბის გათვალისწინებით, აუცილებელია ასეთი შუამავალი პირების საქმიანობის რეგულირების და მონიტორინგის ეფექტური სისტემის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, შრომითი ემიგრანტების უფლებების დაცვას, მეორე მხრივ კი, წაახალისებს ამ სფეროში კეთილსინდისიერად მომუშავე, კომპეტენტურ და სანდო დასაქმების სააგენტოებს. გამოწვევას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ შესაბამისი სამართლებრივი და აღმასრულებელი მექანიზმების არარსებობის გამო ვერ ხერხდება იდენტიფიცირებული საშუამავლო კომპანიების მიმართ არსებული კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ნორმების (ჯარიმების) აღსრულებაც“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

სწორედ ზემოთაღნიშნული და ბევრი სხვა პრობლემის გამო, დაიგეგმა შესაბამისი ცვლილებები. უფრო კონკრეტულად:

ა) იგეგმება საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური და იურიდიული პირების სავალდებულო სერტიფიცირება.

ბ) სერტიფიცირების პროცედურები საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის იქნება უფასო.

გ) აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაზე მონიტორინგს უზრუნველყოფს სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახური.

გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა ან/და სერტიფიკატის გარეშე განხორციელება საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა ან/და სერტიფიკატის გარეშე განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარის იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 3500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარისა.

ასევე დაემატა, იგივე ქმედება ჩადენილი მესამედ, გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარით. იგივე ქმედება ჩადენილი მეოთხედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა, გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის სამმაგი ოდენობით.

ჯარიმები დაწესდება კანონის აღსრულებაზე ხელის შეშლაზეც.

კანონპროექტის ავტორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები