მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ზიანი მიაყენა პრიგოჟინის ამბოხმა რუსეთის ეკონომიკას?

6499aea795c39
გიორგი თოლორდავა
27.06.23 12:35
1169
ევგენი პრიგოჟინის სამხედრო აჯანყება თანამედროვე რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და საინტერესო მოვლენაა. ექსპერტების შეფასებით, ეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ გადადგმული ყველაზე თამამი ნაბიჯი იყო, რომელმაც დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.

მართალია, პრიგოჟინის ერთდღიან ამბოხს მნიშვნელოვანი სტრატეგიული შედეგები არ მოჰყოლია, თუმცა ქვეყანაში ეკონომიკური და პოლიტიკური ძვრები უკვე დაწყებულია, დღეს კი სწორედ პრიგოჟინის ლაშქრობის ეკონომიკურ შედეგებს შევაფასებთ.

პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, რომ პრიგოჟინის ერთდღიანმა ამბოხმა რუსეთის თავდაცვის ძალებს სერიოზული სამხედრო ზიანი მიაყენა. ვაგნერის არმიამ 24 საათში ექვსი შვეულმფრენი და ერთი თვითმფრინავი გაანადგურა. ჩამოგდებულ საჰაერო აპარატებს შორის იყო: კა-52, მი-35 და მი-8, მათი საერთო ღირებულება კი დაახლოებით 300 მილიონ დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, ამბოხს შეეწირა ოცამდე რუსი პილოტი და ეკიპაჟის წევრი. პრიგოჟინის მტკიცებით, ამ თვითმფრინავებით რუსეთის არმია ვაგნერის კოლონის განადგურებას გეგმავდა და მათი ჩამოგდება მხოლოდ თავდაცვის მიზნით გადადგმული ნაბიჯი იყო. აღსანიშნავია, რომ ასეთი მასშტაბის საავიაციო დანაკარგი რუსეთის საჰაერო ძალებს ერთი დღის განმავლობაში თითქმის წელიწადია არ მიუღია.

გარდა ამისა, პრიგოჟინის ლაშქრობისას დაზიანდა ათობით საცხოვრებელი სახლი, შენობა და გზის სავალი ნაწილი. წინასწარი შეფასებით, ინფრასტრუქტურული ზიანის მოცულობა 10 მილიონი დოლარის ფარგლებშია.

რაც შეეხება არაპირდაპირ ეკონომიკურ ზიანს, პრიგოჟინის ამბოხებიდან რამდენიმე საათში რუსული რუბლის მკვეთრი გაუფასურების პროცესი დაიწყო. სავალუტო ჯიხურებში ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 200 რუბლს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ 24 საათიან პერიოდში რუსეთის ეროვნული ვალუტა ისტორიულ რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი მინიმალურად შეიცვალა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რეალურ ბაზარსა და ცენტრალურ ბანკს შორის აცდენა იყო, ოფიციალური კურსი კი რეალობას არ ასახავდა. ამ ეტაპზე ოფიციალური კურსი 85 რუბლის ფარგლებშია, რაც ერთწლიანი მაქსიმუმია. რეალური მონაცემების დაფარვის მიუხედავად, რუბლის მკვეთრი გაუფასურება ფაქტობრივი მოცემულობაა, რომლის უარყოფა უბრალოდ შეუძლებელია.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ზუსტად ერთ დღეში რუსეთის მოქალაქეებმა ბანკებიდან 2.5 ტრილიონი რუბლის დეპოზიტები გაიტანეს, რაც დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის ეკვივალენტია. დეპოზიტების პანიკური გადინება სწორედ სამხედრო ამბოხთან იყო დაკავშირებული. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, შაბათ-კვირით რუსული ბანკები სრული დატვირთვით არ მუშაობენ, ანუ ანგარიშებიდან თანხების გადინების პროცესი ბანკების მხრიდან ხელოვნურად იყო შეფერხებული.

ასევე შაბათ-კვირის ფაქტორმა დაიცვა რუსული კომპანიების აქციებიც. მართალია, წინასავაჭრო სესიაზე ფაქტობრივად ყველა რუსული კომპანიის ღირებულება მკვეთრად დაეცა, თუმცა დღეისათვის უკვე კორექციის მოცულობა შემსუბუქებულია და მოსკოვის საფონდო ბირჟის ვარდნის მაჩვენებელი 3%-ს შეადგეს.

პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, ათასობით რუსეთის მოქალაქემ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის საზღვრებს ადამიანების დიდი რაოდენობა მიაწყდა, გაიყიდა ფაქტობრივად ყველა სახის ტრანსპორტის ბილეთი. ზუსტად რამდენმა ადამიანმა დატოვა რუსეთი და მომავალშიც რამდენიმე გეგმავს ქვეყნიდან წასვლას, ამ ეტაპზე უცნობია.

რაც შეეხება ძირითად მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში წლიური ინფლაციის დონე 3%-ია, ცენტრალური ბანკის რეფინანსირების განაკვეთი კი 7.5%-ს შეადგენს. რაც ყველაზე საინტერესოა, იანვარი-მაისის ბიუჯეტის დეფიციტი 40 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც მთელ წლის ბიუჯეტის გეგმას აღემატება. ეს მოცემულობა კი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის მთავრობა იმაზე გაცილებით მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე გამოიმუშავებს, საერთო ხარჯების 60% კი სწორედ შეიარაღებაზეა მიმართული. პრიგოჟინის აჯანყების შემდეგ, სავარაუდოდ, რუსეთს სამხედრო ხარჯების გაზრდა მოუწევს, რადგან ვაგნერის არმიამ სანდოობა დაკარგა, $300 მილიონის ტექნიკა განადგურებულია, პუტინს კი მომავალში საზრუნავი არა მარტო შეტევაზე, არამედ თავდაცვაზეც ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები