მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, უმაღლესი განათლების დაფინანსების რეფორმა გასატარებელია - კაკაურიძე

61659568a4752
ინგა მურუსიძე
12.10.21 18:00
2277
„რაც არ უნდა მტკივნეული იყოს რიგი სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის, უმაღლესი განათლების დაფინანსების რეფორმა გასატარებელია“, - ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც დეპუტატებს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტის ძირითადი პარამეტრები გააცნო და დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა, რომელთაგან ერთ-ერთი უნივერსიტეტების დაფინანსების საკითხს შეეხებოდა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი მზად არის და ის ძალაში, სავარაუდოდ, 2022 წლის სექტემბრიდან შევა.

საქმე ისაა, რომ როგორც ცნობილია, განათლების და მეცნიერების სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად ამუშავებს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელს, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტების საბაზო დაფინანსებას გულისხმობს.

„რაც არ უნდა დაფინანსება გავუზარდოთ განათლებას, ეფექტიანობა ვერ მიიღწევა და იქნება მხოლოდ მეტი ფულის დაკარგვა. საჭიროა შედეგებზე ორიენტირებული მოდელების შემოღება, განსაკუთრებით უმაღლეს განათლებაში, რომლის დაფინანსების ახალი მოდელი მზად არის. გასაგებია, რომ ყველა მოდელს ეყოლება მოწინააღმდეგე, ნაკლოვანებებიც ექნება, თუმცა ვფიქრობთ, კარგი მოდელია. ეს მოდელი, სავარაუდოდ, გამოიწვევს რიგ უნივერსიტეტებში რესურსების შემცირებას, რადგან მეტად შედეგებზე იქნება ორიენტირებული. ვფიქრობთ, ეს გადასადგმელი ნაბიჯია და პროფესიულ და უმაღლეს განათლებას შორის კონკურენცია უნდა არსებობდეს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ და დასძინა, რომ „რაც არ უნდა მტკივნეული იყოს რიგი უმაღლესი სასწავლებლებისთვის, რეფორმა გასატარებელია“.

რაც შეეხება ახალი მოდელის ძირითად არსს, როგორც გიორგი კაკაურიძემ მოგვიანებით bm.ge-სთან საუბრისას ახსნა, "მთავარი რაც უნდა შეიცვალოს ისაა, რომ გაიზარდოს შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების ნაწილი".

„დაფინანსების განმსაზღვრელი უნდა იყოს არამხოლოდ ის, რამდენი ადამიანი სწავლობს, არამედ რა შედეგებს აღწევს ესა თუ ის უნივერსიტეტი. ამ მოდელის შემუშავებაში მსოფლიო ბანკია ჩართული. პროექტი თითქმის მზად არის და იმედია, 2022 წელს ახალი ნაკადი ახალი მეთოდის მიხედვით მიიღება“, - დასძინა მან.

განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას მინისტრის მოადგილემ თავისი პოზიცია უფასო ფაკულტეტების საკითხზეც დააფიქსირა და პირდაპირ თქვა, რომ არც უფასო ფაკულტეტების მომხრეა და არც იმას უჭერს მხარს, რომ ყველა ფაკულტეტს ერთიდაიგივე დაფინანსება ჰქონდეს.

ამათან, კომიტეტის სხდომაზე ერთ-ერთი დეპუტატი დაინტერესდა, თუ როდის გადაფასდება სამეცნიერო პრიორიტეტები და ზუსტად როდის შეიცვლება უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი, რაზეც განათლების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ უპასუხა, რომ ახალი მოდელი უნივერსიტეტებთან ერთად უნდა დამუშავდეს. „თუმცა მოლოდინია, რომ მომავალი წლის ნაკადისთვის ახალ მოდელზე შეთანხმება შესაძლებელი იქნება“, - დასძინა მიხეილ ჩხენკელის მოადგილემ.

გარდა ამისა, განათლების კომიტეტის წევრების წინაშე გამოსვლისას ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს პროფესიული და უმაღლესი განათლების რეფორმირების მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი მხარდაჭერა აქვს.

„გერმანელები გვიჭერენ მხარს პროფესიული განათლების კუთხით და ამ მოდელის ამუშავება უნდა მოხდეს“, - დასძინა მან.

ცნობისთვის: 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტის თანახმად, განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 1.64 მილიარდი ლარია, ზრდა 2021 წელთან 113 მილიონი ლარი. დოკუმენტის თანახმად, დაგეგმილია 2022 წლიდან პედაგოგების საბაზისო ხელფასების 100 ლარით ზრდა.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები