მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად იზრდება 2022 წლის ბიუჯეტით ბიუროკრატიული ხარჯები - IDFI-ს კვლევა

6177d0483d8b3
შოთა ტყეშელაშვილი
26.10.21 14:01
834
არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-იმ 2022 წლის ბიუჯეტის ბიუროკრატიული ხარჯების შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკომენტში აღნიშნულია, რომ მართალიამ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში მითითებულია, რომ დასაქმებულთა რაოდენობა 112,712-ით განისაზღვრება, სინამდვილეში ეს მაჩვენებელი არ შეიცავს რიგი სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების საშტატო ნუსხებს, მათი გათვალისწინებით კი, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 300,000-მდეა.

უშუალოდ 112,712 დასაქმებულის სახელფასო ფონდად კი ბიუჯეტის პროექტით 1.65 მილიარდი ლარი არის გათვალისწინებული, რაც 2021 წელთან შედარებით 17.1 მილიონი ლარით მეტია.

IDFI-ის ანგარიში:

“საშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურების ხარჯები წინა წელთან შედარებით იზრდება 17.1 მილიონი ლარით და 1.65 მილიარდ ლარს აღწევს. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების განმკარგავი დაწესებულებების მიხედვით, შრომის ანაზღაურების ხარჯების შემცირება მხოლოდ 5 უწყებაშია დაგეგმილი. ყველაზე დიდი კლება (-21,1 მილიონი ლარი) გათვალისწინებულია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რაც განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 2022 წელი არ არის საარჩევნო წელი. 2022 წელს ყველაზე დიდი ზრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იგეგმება, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, წლიურად 6.2 მილიონი ლარით იზრდება შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხები, ასევე, შრომის ანაზღაურების ხარჯები 5.8 მილიონი ლარით იზრდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ხარჯები ყოველწლიურად იზრდება, კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საჯარო მოსამსახურეთა სათანადო ანაზღაურების უზრუნველყოფა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის, განმარტებით „საჯარო სექტორმა კერძო სექტორთან მიმართებით კონკურენტუნარიანობა დაკარგა და თითქმის ბოლო 5 წელია ხელფასები გაყინულია, რის შედეგადაც, კვალიფიციური კადრები საჯარო სექტორიდან კერძო სექტორში გადასვლას ცდილობენ”. მისივე განმარტებით ფინანსთა სამინისტრო აპირებს ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმას, რომ საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა შესაძლებელი გახდეს.

შედეგად, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მარეგულირებელ ნორმებში, გაჩნდა ჩანაწერი რომლის მიხედვით, 2024 წლის 1 იანვრიდან, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ყოველწლიურად გადაანგარიშების მექანიზმის ამოქმედების მიზნით, საქართველოს მთავრობას დაევალა, 2022 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს საბაზო თანამდებობრივი სარგოს გადაანგარიშების მექანიზმის შემუშავების ეტაპები და პრინციპები. ეს დაეფუძნება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ საშუალო თვიურ ნომინალური ხელფასის ოდენობას.

სხვა ადმინისტრაციული ხარჯები

შრომის ანაზღაურების გარდა, სხვა ადმინისტრაციული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში ასახულია „საქონელი და მომსახურების“ მუხლით გათვალისწინებულ თანხაში. ეს მუხლი კლასიკური ბიუროკრატიული ხარჯების (შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურება, სამივლინებო ხარჯები, წარმომადგენლობითი ხარჯები, ავტოპარკის შენახვა/განახლების ხარჯები და სხვა) გარდა, ასევე, მოიცავს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ხარჯებს (საკარანტინო სივრცეების მომსახურება, სამედიცინო ხარჯები და სხვა). შესაბამისად, 2020 წელს კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობის შედეგად დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ბუნებრივად მცირდებოდა სამივლინებო, წარმომადგენლობითი და სხვა მსგავსი ადმინისტრაციულ ხარჯები, თუმცა, მეორე მხრივ, იზრდებოდა პანდემიასთან დაკავშირებული საკარანტინო სივრცეების მომსახურებისა და ჯანდაცვის სხვადასხვა დამატებითი ხარჯები.

მაგალითად, 2020 წელს, როდესაც პანდემიამ ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას, საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯი 227 მილიონი ლარით გაიზარდა. ზრდის განმაპირობებელი მთავარი კატეგორია სამედიცინო ხარჯების (+113.7 მლნ. ლარი), სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურებისა (+60.7 მლნ. ლარი) და შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების (+54.1 მლნ. ლარი) ზრდა იყო. ასევე, როგორც მოსალოდნელი იყო, პანდემიის გავლენით იკლო სამივლინებო და წარმომადგენლობითმა ხარჯებმა (-35.9 მლნ. ლარი), ასევე მნიშვნელოვანი კლებაა ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯების მხრივ (-32.7 მლნ. ლარი).

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქონელსა და მომსახურებაზე გამოყოფილია 1.54 მილიარდი ლარი, რაც 255 მილიონი ლარით ნაკლებია 2021 წლის ბიუჯეტის გეგმით გამოყოფილ თანხაზე.

კლების მნიშვნელოვანი მიზეზია პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ხარჯების კლება, 2022 წლისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინისა და სხვა ღონისძიებების განხორციელებაზე თანხა აღარ არის გამოყოფილი, 2021 წელს ამ მიმართულებით 21 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. ასევე, ჯანდაცვის მიმართულებით COVID-19 ვირუსის მართვის ბიუჯეტი 500 მილიონი ლარია, რაც 310 მილიონი ლარით ნაკლებია 2021 წლის გეგმასთან შედარებით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, 2022 წელს საქონელი და მომსახურების მუხლით გათვალისწინებული ხარჯების შემცირება უკავშირდება პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებას და ნაკლებად კავშირშია ისეთი ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებასთან, როგორიცაა შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურება, სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯები, ავტოპარკის განახლება შენახვის ხარჯები და სხვა.

დასკვნა

2022 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხარჯების ანალიზი აჩვენებს, რომ 2022 წელს ბიუროკრატიული ხარჯების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება. მაგალითად, შრომის ანაზღაურების ხარჯების ზრდა გათვალისწინებულია 17 მილიონი ლარით. საქონელი და მომსახურების მუხლით მოსალოდნელი ხარჯები მცირდება 255 მილიონი ლარით, რაც უმეტესწილად დაკავშირებულია პანდემიასთან ბრძოლის (საკარანტინე მომსახურება და სხვა) ხარჯების შემცირებასთან და ნაკლებად კავშირშია კლასიკური ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაციასთან.

ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიუხედავად შრომის ანაზღაურების ხარჯების ყოველწლიური ზრდისა, კვლავ მნიშნელოვან პრობლემად რჩება საჯარო მოსამსახურეთა სამართლიანი და კონკურენტუნარიანი ანაზღაურების სისტემის უზრუნველყოფა. IDFI მიიჩნევს, რომ აღნიშნულის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენს არაოპტიმალური ბიუროკრატიული აპარატის არსებობა, რომლის სათანადო რეფორმირების გარეშე შეუძლებელია, ერთი მხრივ, ბიუროკრატიული ხარჯების ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანა, ხოლო, მეორე მხრივ, კონკურენტუნარიანი საჯარო სამსახურის შენარჩუნება,” - ნათქვამია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები